გიორგი ამილახვარმა აშშ-ის ელჩთან საქართველოში განათლების სისტემაში მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტები განიხილა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა აშშ-ის ელჩთან საქართველოში, კელი დეგნანთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტები განიხილა, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობით ხორციელდება.
გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა კელი დეგნანს განათლებისა და მეცნიერების სფეროების განვითარების მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკვე მრავალი წელია საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით მასშტაბურ ინიციატივებს ახორციელებს, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარებას.
მინისტრმა საქართველოს განათლების სისტემაში ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის სრული მზაობა გამოთქვა, მისი თქმით, ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, რათა თითოეულ მათგანს ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო დონის განათლება.
თავის მხრივ, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ საქართველო და აშშ უკვე მრავალი წელია ნაყოფიერად თანამშრომლობენ. ელჩმა მინისტრს დაუდასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს განათლების სისტემის განვითარების მხარდაჭერას და ამ მიმართულებით სამინისტროსთან მჭიდრო პარტნიორობას. საუბრისას მხარეებმა სამომავლო პროექტებისა და გეგმების განხორციელების გზებზე იმსჯელეს.
შეხვედრის შემდეგ გიორგი ამილახვარმა და კელი დეგნანმა უმასპინძლეს ფულბრაიტის ინგლისური ენის სწავლების ასისტენტის პროგრამის (ETA-English Teaching Assistant) მონაწილე მასწავლებლებს და მათთან პროექტის მნიშვნელობასა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ ფულბრაიტის ინგლისური ენის სწავლების ასისტენტის პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის თანამშრომლობით 2021 წლიდან წარმატებით ხორციელდება და მის მიზანს საქართველოში ინგლისური ენის სწავლების გაძლიერება წარმოადგენს.