პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ზუგდიდში მომხდარი არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 20 ნოემბერს, ზუგდიდში, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვანმა ბრალდებულმა არასრულწლოვანს დანით ორი ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი კონფლიქტის დროს სხვა პირებთან ერთად ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ერთ პირს. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ე” ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა) და 120-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები