ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამტკიცებენ, რომ “საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომელი, ჯანო ძაგანია ჯაშუშობისთვის აფხაზეთში მცხოვრები ქალების გამოყენებას ცდილობდა”.
მათი მტკიცებით, ძაგანიას “ერთ-ერთი მსხვერპლი საქართველოს მოქალაქე, აფხაზეთში მცხოვრები ჯესიკა შენგელია იყო”.
ქალმა ძაგანია 2022 წლის ნოემბერში გაიცნო, როდესაც “საქართველოსთან საზღვარს კვეთდა. ის დაეხმარა ქალს სამშობიარო აღრიცხვაში და საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხები მოუგვარა. ამის სანაცვლოდ, ქალმა ოჩამჩირის სამხედრო ნაწილის შენობის ფონზე გადაიღო ,,სელფი,, და ძაგანიას გაუგზავნა. ასევე, მას გაგზავნილი აქვს ფოტოები გალის რაიონის შსს-ს ფონზე, გადაიღო სამხედრო ნაწილი სოფელ ილორში და გალის რაიონში განლაგებული რუსული ბაზა”.
როგორც ე.წ. უწყებაში დაკითხვაზე ქალმა თქვა, ძაგანია მას ემუქრებოდა, რომ გაასაჯაროებდა თანამშრომლობის დეტალებს. მისი თქმით, ძაგანიასთან ურთიერთობის შეწყვეტის მცდელობისას ის ულტიმატუმის სახით ითხოვდა შეხვედრას და დაკისრებული ამოცანების შესრულებას. გარდა ამისა, ქალის თქმით, თუ ის ვერ ახერხებდა რაიმე ინფორმაციის მოპოვებას, ძაგანია ეუბნებოდა, რომ ყველაფერი იცის, რადგან სხვა „აგენტები“ ჰყავს.
ადგილობრივი მედია წერს, რომ “მეორე მსხვერპლი სოხუმის მკვიდრი ირმა ხუხუაა. საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქალი პირველად 2021 წელს იმყოფებოდა. ძაგანია მას საგუშაგოსთან დახვდა, პასპორტის ასლი აიღო, გამოართვა ტელეფონის ნომერი, რის შემდეგაც სმს-ებს და კომპლიმენტებს წერა დაუწყო. ხუხუას თქმით, მიმოწერა ორი წლის განმავლობაში გაგრძელდა”.
ძაგანია ქალს სთხოვდა “აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობისთვის და თანამშრომლებისთვის ფოტოების გადაღებას”.
ე.წ. უწყებაში აცხადებენ, რომ “საქართველოს სპეცსამსახურების საქმიანობა უფრო დახვეწილი, ორგანიზებული და ტექნიკურად აღჭურვილი ხდება. ინფორმატორების მთავარი ამოცანაა – ინფორმაციის შეგროვება, კრიტიკულ ობიექტებზე წვდომა და სამთავრობო სტრუქტურებში შეღწევა”.