რომეო მიქაუტაძე: თითოეულ ჩვენგანს გვაკისრია პასუხისმგებლობა, უფრო გონივრულად მოვიხმაროთ ენერგორესურსები

თითოეულ ჩვენგანს გვაკისრია პასუხისმგებლობა, უფრო გონივრულად მოვიხმაროთ ენერგორესურსები. კონკურსი “გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური” მიზნად ისახავს ბავშვების სასკოლო ასაკიდანვე ცნობიერების ამაღლებასა და ქცევის ცვლილებას ენერგოეფექტურობის საკითხებზე. ენერგოეფექტურობა არა მხოლოდ ენერგიის დაზოგვაში გვეხმარება, არამედ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ნახშირბადის კვალისა და გარემოზე ჩვენი ზეგავლენის შემცირებაში, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძემ “საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის” ფარგლებში, კამპანიის „გახადე შენი სკოლა ენერგოეფექტური” გახსნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

აღნიშნულ პროგრამას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერითა და კომპანია GOPA Intec-თან თანამშრომლობით ახორციელებს. გახსნით ღონისძიებას კონკურსში მონაწილე თბილისის 10 სკოლის წარმომადგენლები დაესწრნენ. რომეო მიქაუტაძის განცხადებით, საქართველოში მიმდინარეობს ენერგეტიკული რეფორმები, რომელთა წარმატებით განსახორციელებლად უმნიშვნელოვანესია საზოგადოების ინფორმირებულობა და ჩართულობა.

„დარწმუნებული ვარ, მსგავსი აქტივობები ახალგაზრდებს მისცემს სტიმულს, უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ენერგორესურსების გამოყენებასა და გარემოზე ზრუნვას. მჯერა, რომ ასეთი კონკურსები შეუწყობს ხელს ქვეყანაში ენერგიის დაზოგვის ევროპული პრაქტიკის პოპულარიზაციასა და ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის მდგრად მომავალსა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე დადებითად აისახება,” – აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, intec – GOPA-International Energy Consultants-ის უფროსმა მრჩეველმა ვახტანგ ბეგაშვილმა და CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა ჯანაშიამ. მისასალმებელი ნაწილის შემდეგ მონაწილე სკოლებისათვის კამპანიის შესახებ ინტერაქტიული საინფორმაციო სესია გაიმართა. CENN-მა მონაწილე სკოლებს კონკურსის წესები და შეფასების კრიტერიუმები გააცნო. თბილისის მასშტაბით 10 მონაწილე სკოლა 15 ივნისამდე შენობებში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად აქტივობებს დაგეგმავს, ივნისის ბოლოს კი სხვადასხვა უწყებისაგან დაკომპლექტებული კომისია 3 გამარჯვებულს გამოავლენს და 3,000 ევროს ოდენობის ენერგოეფექტური პრიზებით დააჯილდოებს. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კონკურსში მონაწილე სკოლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები