დავით სონღულაშვილმა სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც „მეწარმეთა შესახებ” კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში გამოვლენილ გამოწვევებსა და მიგნებებზე იმსჯელეს.
პარლამენტის ინფორმაციით, “მეწარმეთა შესახებ” ახალი კანონი ძალაში 2022 წლის 1-ელ იანვარს შევიდა. მას შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ და ინვესტორთა საბჭომ კანონის აღსრულების მონიტორინგი აწარმოეს. ამ ხნის მანძილზე, კანონის ეფექტური აღსრულების შემაფერხებელი სირთულეების და გამოწვევების გამოვლენის მიზნით, გაიმართა შეხვედრები და შემუშავდა რეკომენდაციები.
სამუშაო შეხვედრაზე დაინტერესებულმა მხარეებმა მოსაზრებები გამოთქვეს მოსმენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით. დავით სონღულაშვილის შეფასებით, მიღებული ინფორმაცია პარლამენტს დაეხმარება განსაზღვროს კანონში განსახორციელებელი ცვლილებებისთვის საჭირო შემდეგი ნაბიჯები.