გიორგი კახიანი: სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მის საქმიანობაში ჩარევა კატეგორიულად მიუღებელია
“სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მის საქმიანობაში ჩარევა კატეგორიულად მიუღებელია. თუ ცვლილებების განხორციელება იქნება საჭირო, კანონმდებელი იზრუნებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა პრემიერსა და მოსამართლეებს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.
კახიანის თქმით, ნებისმიერი ხელისუფლების ამოცანა უნდა მდგომარეობდეს იმაში, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას რისკები არ შეექმნას.
„მთავარი, რაც შეხვედრიდან უნდა დავინახოთ, არის ის, რომ კიდევ ერთხელ ითქვა, სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და ყოველგვარი მცდელობა მისი დისკრედიტაციის, მის საქმიანობაში ჩარევის ან რაიმე სახით გავლენის ქვეშ მოქცევის, კატეგორიულად მიუღებელია. კონკრეტულად რა ფაქტებზეა საუბარი, არ გაჟღერებულა, პრემიერმა თქვა, რომ შემაშფოთებელ ფაქტებზე იყო საუბარი, თუ საჭიროება იქნება, შესაბამისი პირები ამაზე ისაუბრებენ. კატეგორიულად უნდა ვთქვათ, სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მის საქმიანობაში ჩარევა კატეგორიულად მიუღებელია. ზოგადად ნებისმიერი ხელისუფლების ამოცანა უნდა მდგომარეობდეს, რომ კანონმდებლობა იმდაგვარად იყოს შემუშავებული, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას რისკები არ შეექმნას“, – განაცხადა კახიანმა.