ლევან დავითაშვილი ბიზნეს სერვისების დისტანციურად მიწოდების ინდუსტრიის წამყვან საინვესტიციო კონსულტანტებს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ საინვესტიციო კონსულტანტებს, ე.წ. ლოკაციის მენეჯერებს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოში ბიზნეს სერვისების დისტანციურად მიწოდების სექტორში არსებული პოზიტიური დინამიკა და ის შესაძლებლობები, რასაც ამ სექტორში მოქმედ უცხოურ კომპანიებს საქართველო სთავაზობს. ბიზნეს სერვისების დისტანციურად მიწოდების ინდუსტრიის მსოფლიო წამყვანი კომპანიების მენეჯერებისა და საინვესტიციო კონსულტანტების მორიგი გაცნობითი ტური საქართველოში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ორგანიზებით შედგა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ამჯერად BPO (ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი) სექტორის 10-ზე მეტი მაღალი რანგის მენეჯერი ეწვია აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, მექსიკიდან და სამხრეთ აფრიკიდან. ტურის მიზანია საქართველოში ბიზნეს სერვისების დისტანციურად მიწოდების კუთხით საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენა. საქართველოში ვიზიტისას საინვესტიციო კონსულტანტებმა შეხვედრები გამართეს კერძო და საჯარო უწყებებთან, გაეცნენ ქვეყნის ბიზნეს კლიმატს და BPO სექტორში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს.
საინვესტიციო კონსულტანტების თქმით, საქართველო დინამიურად განვითარებადი ქვეყანაა და ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, რომელიც ეძებს მრავალენოვან მიმართულებას შთამბეჭდავი ტექნოლოგიური უნარებით, შესანიშნავი ინფრასტრუქტურითა და ბიზნესისადმი მეგობრული მთავრობით, საქართველო უნდა იყოს მათი სიის სათავეში. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ორგანიზებით გასულ თვეებში გამართულმა საინვესტიციო გაცნობითა ტურებმა აჩვენა, რომ მსგავსი ინიციატივები ეფექტურია როგორც ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, ასევე ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები