საქართველოს სახალხო არტისტს, მსახიობ ბადრი ბეგალიშვილს, 90 წელი შეუსრულდებოდა

საქართველოს სახალხო არტისტს, მსახიობ ბადრი ბეგალიშვილს, დღეს 90 წელი შეუსრულდებოდა. კულტურის  სამინისტრო პატივს მიაგებს ბადრი ბეგალიშვილის ღვაწლსა და ხსოვნას და ინფორმაციას აქვეყნებს.
ბადრი ბეგალიშვილი 1958-1959 წლებში იყო ზუგდიდის შ. დადიანის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი, 1960-1961 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში, 1960-1963 წლებში იყო თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი, 1963 წლიდან კი მუშაობდა ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის სახელმწიფო თეატრში.
ბადრი ბეგალიშვილის შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ზურიკელა (ნ. დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“), არისტო (დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“), ბაბაჯანა (ლ. იაშვილის „ბაბაჯანას ქოშები“ (ი. გრიშაშვილის მიხედვით)), კურკა (გ. ცაბაძის „კურკას ქორწილი“ (მ. ჯავახიშვილის მიხედვით)), დულიტლი (ფ. ლოუს „ჩემი მშვენიერი ლედი“ (ბ. შოუს „პიგმალიონის“ მიხედვით)), ლიპარიტი (შ. მილორავას „კახაბერის ხმალი“), ბესარიონი (დ. კლდიაშვილის „სოლომან მორბელაძე“).
ბადრი ბეგალიშვილმა ქართულ კინოშიც ბევრი სახასიათო პერსონაჟი შექმნა: ჭიპილია („ჩარირამა“, რეჟისორი ნ. სანიშვილი), ჩიკოტელა („ჩირიკი და ჩიკოტელა“, რეჟისორი ბ. ხოტივარი), მოშიაშვილი („თეთრი ბაირაღები“, რეჟისორი გ. ლორთქიფანიძე), აღა („დონ ჟუანის დაბადება“, რეჟისორი გ. კაჭარავა).
ბადრი ბეგალიშვილის სამსახიობო ოსტატობა არაერთი პრემიითა და ჯილდოთი აღინიშნა. იგი იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი (1980), საქართველოს სახალხო არტისტი (1990). ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის 1998 წელს მსახიობი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები