კულტურის სახლში ხანძრის შედეგად 5 ათასამდე წიგნი განადგურდა
ოზურგეთის სოფელ სილაურის კულტურის სახლში ხანძარის შედეგად, 5 ათასამდე წიგნი განადგურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის გამგეობის პრესსამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით, ხანძარი შენობას დილის საათებში გაუჩნდა. ახალგარემონტებული შენობა, სადაც საბავშვო ბაღი, ამბულატორია და ბიბლოთეკა იყო განთავსებული, ხანძარმა ნაწილობრივ დააზიანა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი შენობას უკანა მხრიდან გაუჩნდა. სახანძრო სამსახურმა ხანძრის ლოკალიზება მხოლოდ პირველ სართულზე შეძლო. დამწვარია კულტურის სახლის სახურავი, 5 ათასამდე წიგნი და მთლიანად მეორე სართული. დაზიანებული შენობა ადგილზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ გურიის მხარის გუბერნატორთან გიორგი ჩხაიძესთან ერთად დაათვალიერა.
“სამწუხაროა, რომ შენობაში, სადაც სულ მალე საბავშვო ბაღი უნდა განთავსებულიყო ხანძარი გაჩნდა. მიუხედავად დიდი ზარალისა აუცილებელია გამოიძებნოს სახსრები და მოხდეს შენობის ხელახალი რეაბილიტაცია. რაც შეეხება, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, ამას გამოძიება დაადგენს, ზარალს კი სპეციალური კომისია დაითვლის, – აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ.