მაია ბითაძე ირლანდიელ კოლეგას შეხვდა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე – მაია ბითაძე, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირლანდიის რესპუბლიკაში იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა ირლანდიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის, გარემოს დაცვისა და კლიმატის კომიტეტის თავმჯდომარე ბრაიან ლედინთან.
მაია ბითაძემ, ირლანდიელ კოლეგა ბრაიან ლედინთან ერთად, საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში გარემოს დაცვის სფეროში მიღწეული პროგრესი მიმოიხილა.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს ირლანდიასა და საქართველოს შორის გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სფეროში პარტნიორობის გაძლიერების პოტენციალის შესახებ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას გლობალური გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევაში.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მთავარ განსახილველ საკითხებს წარმოადგენდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, რეფორმების დღის წესრიგი, საპარლამენტო კავშირების გაღრმავების შესაძლო მიმართულებები და რეგიონში არსებული უსაფრთხოებიდან გამომდინარე სექტორული თანამშრომლობა.
საქართველოს პარლამენტის ოფიციალურმა დელეგაციამ ირლანდიელ კოლეგებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებისა და 2023 წლის ევროკომისიის გადაწყვეტილების მოლოდინის შესახებ. საუბარი ასევე შეეხო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებს.
ირლანდიის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და დადებითი შეფასება მისცა საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს.
აღნიშნა, რომ ირლანდია მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.