“საწვავის ფასი, ალბათ, კიდევ უფრო დაიწევს, ბუნებრივია, ეს ინფლაციაზე პოზიტიურად აისახება” – ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე

ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ საავტომობილო საწვავზე ფასი კიდევ შემცირდეს.

მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას ანალიტიკოსმა ის ფაქტორები დაასახელა, რომლებიც საწვავის ფასის შემცირებაზე მოქმედებს.

“ვხედავთ, რომ ნავთობის ფასი, პირველ ყოვლისა, ბენზინს ვგულისხმობ, ყველა ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურზე მნიშვნელოვნად შემცირებულია. ბოლო პერიოდში ფასი შემცირდა როგორც “პრემიუმის” ტიპის ბენზინზე, ასევე, “რეგულარზე”, რომლებიც ყველაზე უფრო მოხმარებადი მარკებია. შემცირება მნიშვნელოვანია, ფასი 65 – 75 თეთრითაც კი არის შემცირებული, რაც პატარა მაჩვენებელი არაა. მიზეზები, თუ რამ გამოიწვია საწვავზე ფასის შემცირება, შეიძლება, 3 იყოს. პირველი საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის კლების ტენდენციაა. “ბრენტის” ტიპის ნავთობის ფასი ბოლო 1 წელია, დაახლოებით 26 %- ითაა შემცირებული. დღესაც რომ ვნახოთ, ლონდონის ნავთობის საერთაშორისო ბირჟაზე რა ტენდენციაა – ბოლო 1 თვეში დაახლოებით 5 %- ითაა შემცირებული.
მეორე თემაა ის, რომ ხშირად საერთაშორისო ბაზარზე შემცირების ტენდენცია ყოფილა, მაგრამ საქართველოში ეს საწვავის ფასზე ნაკლებად ასახულა, გასულ წლებს ვგულისხმობ. ეს, ძირითადად, იმით მართლდებოდა, რომ ვალუტის კურსის მაღალი ცვალებადობა იყო, ანუ გაურკვევლობის მოლოდინი მაღალი იყო. მოგეხსენებათ, ლარის კურსიც მაშინ გაუფასურებისკენ იყო მიმართული.

საწვავზე ფასის კლების მეორე ფაქტორი ლარის გამყარებაა. ვხედავთ, რომ ლარი გამყარებას კვლავ აგრძელებს. ბოლო ზაფხულიდან მოყოლებული უკვე 20 %- ითაა გამყარებული. მესამე ფაქტორია მთავრობის გადაწყვეტილება, კონკურენციის სააგენტოს აქტიური ჩართულობით ბაზრის კვლევა მომხდარიყო. არსებობდა გარკვეული ეჭვი, რომ შეიძლებოდა, კარტერულ გარიგებებს ჰქონოდა ადგილი. მოგეხსენებათ, კონკურენციის სააგენტომ ბაზარი გამოიკვლია და წინასწარი დასკვნა დადო, რომლის მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ აქ კომპანიები გაცილებით მაღალი მარჟით, მაღალი ფასნამატით ოპერირებდნენ.
აქ საუბარი რაზეა: სამწუხაროდ, ჩვენთან მაინც ოლიგოპოლიური ბაზარია, რომლის მახასიათებელი ნიშანი კარტერული გარიგებაა. ოლიგოპოლიური ბაზრის ერთ-ერთი ფაქტორი ისაა, როდესაც საწვავის შემომტანიც, დისტრიბუტორიც და საცალო ქსელში გამყიდველიც ერთი და იგივე ჰოლდინგური ჯგუფია. ბაზრის ოლიგოპოლიზაცია ერთერთი მთავარი პრობლემაა, რაც კონკურენციის სააგენტოს დასკვნამაც დაადასტურა. დღეს მოცემულობა ისაა, რომ ფასი კლებისკენაა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ვნახეთ, ეს წელი დაიწყო იმით, რომ ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა. შემცირდა ფასი საწვავზე. ბუნებრივია, ეს, პირველ ყოვლისა, ტრანსპორტის და პროდუქციის ფასებზე აისახება. ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო 2 წლის მანძილზე პირველად ინფლაცია ორნიშნა ნიშნულს ჩამოსცდა და უკვე 8 %-მდეა შემცირებული, თებერვლის მონაცემს ვგულისხმობ. იმედია, ინფლაცია მის მიზნობრივ მაჩვენებელს უკვე წლის პირველი ნახევრის ბოლოს მიუახლოვდება. ანუ წლის მეორე ნახევრისთვის უნდა გვქონდეს არა 8 %, არამედ დაახლოებით 5-6 %.

რუსული ნავთობიც იაფდება. იგივე საერთაშორისო სანქციების გამო, რუსები იძულებულები არიან, საწვავი მაღალი ფასდაკლებით გაყიდონ. ჩვენთან ბენზინი შემოდის ევროპის ქვეყნებიდანაც, რუსეთიდანაც. ყველგან ფასის კლების ტენდენციაა. ჩვენც ფასის კიდევ უფრო შემცირებას უნდა ველოდოთ, მით უმეტეს, როცა ლარია გამყარების ტენდენცია სახეზეა”, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, ლარის გამყარების ტენდენცია გაგრძელდება.

“ყველა პროგნოზით, ლარი წლის პირველ ნახევარში, ალბათ, გამყარების ტენდენციას შეინარჩუნებს. ყველა მაკროეკონომიკური ფაქტორი, რომელიც ლარის კურსთანაა დაკავშირებული პოზიტიურია: ესაა საგადამხდელო ბალანსი, ექსპორტი, რომელიც ძალიან გაზრდილია, ასევე, ეკონომიკური ზრდა, რომელიც საკმაოდ მაღალია, 8,4% იყო იანვარში. თებერვალშიც მაღალი ზრდა გვექნება. ლარის კურსი გამყარებას მარტშიც გააგრძელებს. უკვე 1 თვეზე მეტია 2.60-ის ნიშნულს ჩამოსცდა. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც მომავალში ლარის კურსზე პოზიტიურად აისახება, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები იქნება. ფულადი გზავნილები და ინვესტიციებიც გაზრდილია. ვნახეთ, რომ შარშან ინვესტიციების სარეკორდო მაჩვენებელი გვქონდა – 2 მილიარდს გადააჭარბა. ინვესტიციები არა მხოლოდ კაპიტალში იყო, არამედ რეინვესტირება იყო ძალიან მნიშვნელოვნად გაზრდილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინვესტორებს პოზიტიური მოლოდინი და განწყობები აქვთ, როდესაც ფულს ქართულ ეკონომიკაში ტოვებენ. ეს ტენდენცია ამ წელსაც, წესით, უნდა გაგრძელდეს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ლარის კურსი 2.5- ის ნიშნულისკენ იქნება დაძრული.

საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასი, ბევრი საერთაშორისო პროგნოზით, კიდევ უფრო დაიწევს.
თუ ამ კომპონენტებს ერთიანობაში განვიხილავთ და ესაა ლარის კურსი დოლართან მიმართებით, ნავთობის ფასი საერთაშორისო ბაზრებზე და ჩვენს ბაზართან დაკავშირებული პოზიტიური მოლოდინები, ნავთობის ფასი, ალბათ, კიდევ უფრო დაიწევს. ბუნებრივია, ეს პოზიტიურად აისახება ინფლაციაზე, თითოეული ადამიანის ხარჯებზე. ასევე, ეკონომიკაზე ექნება ძალიან პოზიტიური ასახვა”, – განაცხადა ცუცქირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები