ალუდა ღუდუშაური: არ ვიცი, ვის გულისხმობდა პრეზიდენტი – როცა ამბობდა, გრცხვენოდეთო, მაგრამ არ მგონია, მისგან ამას ვიმსახურებდეთ

“სალომე ზურაბიშვილი არ ვიცი, ვის გულისხმობდა, როცა ამბობდა, გრცხვენოდეთო, მაგრამ არ მგონია, მისგან ამას ვიმსახურებდეთ ჩვენ. მოვუწოდებდი, იყოს ყველას პრეზიდენტი, სუბიექტური მოსაზრებები ნაკლებად ჩართოს, როგორი მძიმეც  უნდა იყოს საკითხი”, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, ალუდა ღუდუშაური საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას.

ღუდუშაურის თქმით, ძალადობას ყველა ემიჯნება.

„ხაზი მინდა, გავუსვა, შესწავლის, მოკვლევის გარეშე, წინასწარ მტრებად და მოყვარეებად გამოცხადება არ მგონია, იყოს სწორი. ვერდიქტი არ უნდა გამოვიტანოთ საზოგადოებაში სათანადო დასაბუთების და პროცედურების გარეშე.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, არ ვიცი, ვის გულისხმობდა – როცა ამბობდა, გრცხვენოდეთო, მაგრამ არ მგონია, მისგან ამას ვიმსახურებდეთ ჩვენ. მოვუწოდებდი, იყოს ყველას პრეზიდენტი, სუბიექტური მოსაზრებები ნაკლებად ჩართოს, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს საკითხი. შეიძლება, სიტყვის შინაარსიდან გამომდინარე მას კარგად არც ჰქონდეს გააზრებული და ან უბრალოდ წამოცდენა იყოს, მაგრამ ის, რომ აპრიორი ადამიანი გამოაცხადო მოძალადედ, როცა მაღალი ინსტიტუციის წარმომადგენელი ხარ, ეს არის წარმოუდგენელი რამ.

ყველას აქვს უფლება, სჯეროდეს, ან არ სჯეროდეს, მაგრამ ის, რომ ვერდიქტი გამოიტანო და გამოაცხადო (დამნაშავედ), ეს წარსულს ჩაბარდა. ძალადობას ემიჯნება ყველა, მეც და სხვა ჩემი კოლეგა იქნება თუ მეგობარი, არ მეგულება დედამიწის ზურგზე ადამიანი, ვინც ძალადობას არ ემიჯნებოდეს”,- განაცხადა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქალთა ძალადობის კუთხით ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას შემაშფოთებელი უწოდა. მისივე თქმით, “ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება თუნდაც სიტყვიერად, პირიქით მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლს ამით განმეორებით ეძალადება. ეს ჩვენ ქვეყანას არ ეკადრება. გრცხვენოდეთ უნდა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები