ილია დარჩიაშვილი: შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი საქართველოს ახალ ევროპულ დანიშნულებას სძენს

საქართველო, ისევე, როგორც ჩვენი რეგიონი, დღეს დასავლეთის გაორმაგებული დაინტერესების საგანია იმ მნიშვნელოვანი ფუნქციით, რომელიც დაკავშირებულია ევროპის ენერგორესურსების, სატრანსპორტო მარშრუტების მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან და საქართველო, როგორც ამ პროცესის მნიშვნელოვანი მონაწილე, ასევე აქტიურად თანამშრომლობს ყველა პარტნიორთან, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.

მისი თქმით, უკანასკნელ პერიოდში რეგიონში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა საგრძნობლად გაზარდა ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტების განახლებისა და სატრანსპორტო დერეფნების დივერსიფიცირების მნიშვნელობა.

გამოიკვეთა აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, ე.წ. „შუა დერეფნის“, როლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ტვირთების შეუფერხებელი და ეფექტიანი ტრანსპორტირების კუთხით. ამ კონტექსტში, საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა სანდო პარტნიორობა და მაქსიმალურად შეუწყო ხელი გაზრდილი ტვირთნაკადის უსაფრთხო, სტაბილურ და დროულ გადაზიდვას დღეისათვის მოქმედი საერთაშორისო სანქციების სრული დაცვით. გამოსვლისას მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის ამბიციურ პროექტზე, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს როლს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. მინისტრის განცხადებით, „პროექტის რეალიზაციის შედეგად საქართველო არა მხოლოდ საიმედო სატრანზიტო ქვეყანა, არამედ ქვეყანაში წარმოებული განახლებადი ენერგიის ექსპორტიორიც ხდება“. დარჩიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი ევროკავშირის მიერ აღიარებულია და შეტანილია ე.წ. „დაკავშირებადობის“ საფლაგმანო პროექტების ნუსხაში, რაც ასევე გულისხმობს ევროკავშირის ფინანსურ კონტრიბუციას პროექტის რეალიზაციის მიზნით. როგორც მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, სამინისტროს ცენტრალური აპარატი და საზღვარგარეთ აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიური მისიები, ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში, ინტენსიურად მუშაობენ, რათა ხელი შეუწყონ ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების სრულად ათვისებას, საქართველოზე გამავალი უკვე არსებული და დაგეგმილი რეგიონული სატრანსპორტო დერეფნების, აგრეთვე სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებასა და პოპულარიზაციას. სატრანსპორტო დერეფნების განვითარების კონტექსტში, საგარეო საქმეთა მინისტრი შეეხო მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებსაც. „საქართველო მუდამ გვევლინებოდა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობის/თანაცხოვრების მომხრედ და ეს კურსი მომავალშიც გაგრძელდება“ – განაცხადა მან. მისი თქმით, აღნიშნულ კონტექსტში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა უმასპინძლოს დიალოგს ორ მეზობელ ქვეყანას შორის, მიმართულია ნდობის აღდგენისკენ და, ასევე, ნებისმიერი პრაქტიკული საკითხის გადაჭრისკენ. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ტრანზიტული კომუნიკაციის სფეროში სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობაზეც. „მივესალმებით მეზობელ ქვეყნებში ახალი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას. ეს პროექტები ზრდის როგორც აზიის, ისე ევროპის ქვეყნების ინტერესს სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო დერეფნის მიმართ, ჯანსაღი კონკურენცია კი ხელს უწყობს სატრანსპორტო და მომსახურების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.“ – განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო ამ მიმართულებით უკვე მონაწილეობს რეგიონის უმნიშვნელოვანეს ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში, რომლებიც, მიუხედავად წმინდად ეკონომიკური ხასიათისა, პოლიტიკური თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითადაც გვევლინება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები