ანრი ოხანაშვილი: ოპონენტები იმედგაცრუებული არიან, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში ვერ ნახეს სიტყვა „კლანი“, ახლა ცდილობენ, საზოგადოებას დამატებითი დეზინფორმაცია მიაწოდონ
ოპონენტები იმედგაცრუებული არიან, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში ვერ იხილეს სიტყვა კლანი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაზე საუბრისას „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
„იმდენად გულდაწყვეტილი არიან, ვენეციის კომისიის დასკვნაში რომ ვერ ნახეს სიტყვა „კლანი“, რომ ახლა ცდილობენ, ახსნან, ვენეციის კომისია ამბობს, საჯარო საუბრებში ითქვა, რომ არსებობს კორპორატივიზმიო, ანუ, რასაც ვენეციის კომისია სხვაზე დაყრდნობით ამბობს, რადგან ამას ამბობს ვენეციის კომისია, აქ გულისხმობს კლანსო. წარმოიდგინეთ, რა იმედგაცრუებული არიან, რომ სიტყვა „კლანი“ ვერ ნახეს მტკიცებით ფორმაში და ახლა ცდილობენ, თეორიული, ჰიპოთეტური დაშვებით როგორღაც იქნებ რაღაც ფორმით მიაწოდონ საზოგადოებას დამატებითი დეზინფორმაცია“, – განაცხადა ოხანაშვილმა.