სისტემური კუთხით გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი ამ წლების განმავლობაში. იგივე კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ვართ ბევრად უფრო წინ, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა, რომლებსაც უკვე მიენიჭათ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პროგრესია ასევე ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობაში.
მმართველი გუნდის ლიდერმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ჩასწორების შემდეგ მასში გათვალისწინებული იქნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.
„კანონი გვარებზე ვერ იქნება მორგებული, კანონი უნდა იყოს აბსტრაქტული. ეს არის სამართლის თეორიის ერთ-ერთი დასკვნა. აქედან გამომდინარე, სპეკულაციებისთვის რომ არ დაგვეტოვებინა დიდი სივრცე, პირდაპირ ვთარგმნეთ უკრაინული კანონი და მივიღეთ ის პირველი მოსმენით. შეიძლება ამასაც რუსული კანონი დაუძახონ, ისეთ აბსურდში არიან შესულები ჩვენი ოპონენტები, რომ მათგან ყველაფერია მოსალოდნელი.
მაგრამ ვენეციის კომისიამ თქვა შემდეგი რამ: ერთია სისტემური მიდგომა – ამასაც ვაკეთებთ ცალკე, და ამ [დეოლიგარქიზაციის შესახებ] კანონთან დაკავშირებით თქვა, რომ მისი მიღება შესაძლებელია, ოღონდ 5 კონკრეტული, არსებითად ტექნიკური შენიშვნა არის წარმოდგენილი. ამ 5 შენიშვნას გავითვალისწინებთ, ჩასწორდება კანონი, მივიღებთ და, შესაბამისად [რეკომენდაციების] ეს პუნქტიც იქნება გაზიარებული და ბოლომდე გათვალისწინებული“, – განაცხადა კობახიძემ.