„ქართული ოცნებისგან“ მოვისმინეთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ინკლუზიურად მიღების მზაობა, – ამის შესახებ ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალურმა დირექტორმა, კატარინა მატერნოვამ საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს თბილისში მათი კონსულტაციების ძალიან გამამხნევებელი დასასრული იყო.
„ერთ-ერთი კარგი ელემენტი იყო რეაქციები ვენეციის კომისიის ორ შეფასებაზე, რომლებიც გუშინ გამოქვეყნდა. ერთი – უფრო ფართო სასამართლო რეფორმაზე და მეორე – დეოლიგარქციზაციაზე.
რაც უმრავლესობისგან, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლისგან მოვისმინეთ იყო რეკომენდაციების იმპლემენტაციის მზაობა და ამის ინკლუზიურ პროცესში გაკეთების მზაობა. ვფიქრობ, ეს თბილისში ჩვენი კონსულტაციების ძალიან გამამხნევებელი დასასრული იყო“, – განაცხადა მატერნოვამ.