ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის ამოცანა კიდევ უფრო მეტი რადიკალიზაციაა
“რადიკალური ოპოზიციის ამოცანაა კიდევ უფრო მეტი რადიკალიზაცია, საზოგადოების გახლეჩა და რაიმე საბაბის მოძებნა, რადგან ჰგონიათ, რომ ხალხს გამოიყვანენ ქუჩაში და გადატრიალებას მოახდენენ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მოსახლეობა მავნებლების ხელისუფლებაში მოსვლას არ დაუშვებს.
“ამის გაგრძელებაა ის, რომ „ორი გვამის“ ავტორმა, ვანო მერაბიშვილმა ბრძანა გადატრიალების [შესახებ] და რომ პროუკრაინული მთავრობა უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, რათა ჩვენ სამხედრო კუთხით ვითანამშრომლოთ უკრაინასთან. 12-პუნქტიან გეგმას ჩვენ საზოგადოებასთან ერთად ბოლომდე მივიყვანთ და ვერასდროს ეს მავნებლები ხელისუფლებაში ვერ მოვლენ. ამის გარანტია არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. 12 პუნქტის არცერთ განხილვაში არ მიუღია მონაწილეობა რადიკალურ ოპოზიციას. არც ახლა აპირებენ, უფრო მეტიც – ისინი უკვე წინააღმდეგობაში შევიდნენ რეკომენდაციებთან და ამბობენ – რაში გვჭირდება დეოლიგარქიზაცია. იმიტომ ამბობენ ამას, რომ ერთი ერთში ჯდებიან მათი დამფინანსებლები ამ კრიტერიუმში, ამიტომაც, უკრაინული მოდელი აღარ მოსწონთ. მათ მოუწევთ ამ კანონის მიღება, ჩართულობა. ჩვენ უნდა შევასრულოთ 12-პუნქტიანი გეგმა ზედმიწევნით, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველომ დამსახურებულად მიიღოს“, – განაცხადა ზარქუამ.