რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ საქართველოში “ვიღაცის ხელი გულმოდგინედ ცდილობს ანტირუსული ელემენტების დამატებას. ჩვენ ყურადღებით, შეშფოთებით ვაკვირდებით პროვოკაციებს”.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
პესკოვის თქმით, “აგენტების შესახებ კანონს” რუსეთთან კავშირი არც არსებითად და არც ფორმით აქვს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკული კანონის ანალოგი დააინიცირა.
“პროვოკაციების რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს. თქვენ და მე ვიცით, რომ სიტუაციას, რომელიც ამ სახალხო არეულობისა და აჯანყების მიზეზი გახდა, არაფერი აქვს საერთო რუსეთის ფედერაციასთან”, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს კითხვაზე, საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე, არსებობს თუ არა პროვოკაციების რისკები ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის.
მისი განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებამ და პარლამენტარების ნაწილმა, ამერიკის “უცხოური აგენტების შესახებ” კანონი დააინიცირა.
“რუსეთს არანაირი კავშირი არ აქვს არც არსებითად და არც ფორმით. ჩვენ არ ვერევით საქართველოს საშინაო საქმეებში”, – აღნიშნა კრემლის სპიკერმა.