“იდეალური არც დასავლეთია და არც აღმოსავლეთი, მაგრამ ჩვენმა ისტორიამ და გეოპოლიტიკამ დასავლეთის ალტერნატივა დღემდე ვერ შემოგვთავაზა” – გიორგი ცუცქირიძე

“იდეალური არც დასავლეთია და არც აღმოსავლეთი, მაგრამ ჩვენმა ისტორიამ და გეოპოლიტიკამ დასავლეთის ალტერნატივა დღემდე ვერ შემოგვთავაზა, სხვა ქრისტიანული ცივილიზაცია ბუნებაში არც არის, რუსული სივრცე კი ყველაფერია, ქრისტიანული კულტურის გარდა!”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

ცუცქირიძე ბოლო დღეებში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

“პროცესები მიდის იქით, რომ დასავლეთი მთლიანად იღებს აქ კონტროლის მექანიზმებს და არც ამ მეტად მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული რეგიონის დათმობას აპირებს, რუსული ჰიბრიდული ომის ნარატივით რომ იყო პოლიტიკურად ასე გაჟღენთილი!

დღეს გვაქვს 180 გრადუსით შეცვლილი პოლიტიკური რეალობა, სადაც ახალმა თაობამ უკვე დაიწყო საკუთარი მოთხოვნების წამოყენება და, ფაქტობრივად, უკვე ჩაანაცვლა გაკოტრებული და კრეატივდაკარგული პოლიტიკური კლასი, ოპოზიცია, პირველ ყოვლისა, რომელიც საკუთარი პარტაქტივიც ვერ გამოჰყავდა მიტინგებზე და ოდენ პერფორმანსების და ვაღიაროთ ისიც უნიჭოდ დადგმულის, იმედზე იყო.

დასავლეთი რომ ბოლო პერიოდში ზომაზე მეტად გაზრდილ ანტიდასავლურ დისკურსს ვერ მიიღებდა და ბრჭყალებსაც გამოაჩენდა, ყველასთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, ვინც ასე თუ ისე იცნობს დასავლეთის პოლიტიკურ ისტორიას და გასაკვირი სულაც არ არის, რომ ეს კანონიც სწორედ ამ ანტიდასავლურ დისკურსად იქნა აღქმული! აქ მარტო “ალტინფოს” არ ვგულისხმობ, ყველა იმ ინტერესჯგუფსაც , რომლებიც ამ პროპაგანდისტურ მანქანაში იყვნენ ჩართული და გადამლაშებული ანტილიბერალიზმით დათვური სამსახური გაუწიეს “ქართულ ოცნებას”, რომლის მმართველობის პერიოდშიც მოეწერა ხელი ევროპასთან ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველ ხელშეკრულებას და კონსტიტუციაში შევიდა ჩანაწერი ქვეყნის საგარეო კურსზე!

დღეს “ქართული ოცნება” დგას დილემის წინაშე, მან ან უნდა მიიყვანოს ქვეყანა ყოველგვარი რყევების გარეშე, მაღალ საზოგადოებრივ კონსენსუსზე ორიენტირებით არჩევნებამდე და არჩევნებიც დემოკრატიული სტანდარტებით ჩაატაროს, ან თავადვე გადაჰყვეს მოსალოდნელ პოლიტიკურ ზვავს, რომელიც მთლიანად იქნება მხარდაჭერილი გარედან. დასავლეთს, მიუხედავად ცალკეული საკმაოდ მკაცრი და არასასიამოვნო განცხადებებისა, აქ რომ დესტაბილიზაცია და ქაოსი სურდეს, ამას აქამდეც გააკეთებდა და ამის არცთუ მცირე ბერკეტი გააჩნია!

უნდა დასრულდეს ცალკეული ინტერესჯგუფების მიერ ე.წ კუდიანებზე ნადირობის დამღუპველი პოლიტიკა, ამ მიტინგებმაც დაგვანახა, რომ პროტესტის მხარეს მხოლოდ “ნაცები” , ან მათი სატელიტები არ დგანან!

პირველი ნაბიჯი რომელიც “ოცნების” “ლიდერშიპმა” გადადგა, ამ მართლა საჯილდაო ქვად ქცეული კანონის უპირობოდ გაწვევით, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ დიდი კრიტიკისა და ლამის დემარშისა, საერთაშორისო შეფასებებიც ამ კონტექსტს უჭერს მხარს და სწორედ საზოგადოებრივი კონსენსუსის, ანუ საერთო ეროვნული თანხმობისკენ არის მიმართული!

იდეალური არც დასავლეთია და არც აღმოსავლეთი, მაგრამ ჩვენმა ისტორიამ და გეოპოლიტიკამ დასავლეთის ალტერნატივა დღემდე ვერ შემოგვთავაზა, სხვა ქრისტიანული ცივილიზაცია ბუნებაში არც არის, რუსული სივრცე კი ყველაფერია, ქრისტიანული კულტურის გარდა!

არჩევანი ქართველმა ხალხმა დასავლეთის მხარეს დიდი ხანია, გააკეთა, თავის დროზე ეს ჩანაწერი კონსტიტუციაში სწორედ “ქართული ოცნების” მმართველობისას შევიდა, დღეს ბევრს, რატომღაც, რომ ავიწყდება. უბრალოდ ამ სტუდენტურმა პროტესტმა ეს სენტენცია უფრო ცხადი გახადა!

ახლა არჩევანი არა ოპოზიციის მხარეს, არამედ – მთლიანად “ქართულ ოცნებაზეა” და დარწმუნებული ვარ, ამ არჩევანს და თავის პოლიტიკურ მემკვიდრეობას ღირსეულად მიიყვანს ბოლომდე!”, – წერს ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები