კრემლის პროპაგანდისტული მედიის ერთ-ერთი მთავარი რუპორი, მარგარიტა სიმონიანი ამბობს, რომ, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების განმეორების შემთხვევაში, რუსეთი ჯარის შეყვანაზე დროს არ დაკარგავს, უბრალოდ, თბილისს დაბომბავს.
ამის შესახებ მან “ტელეგრამში” დაწერა.
მისი თქმით, ახლა “სენტიმენტების დრო არ არის”, ასევე, “რუსეთში არავინ თვლიდა და მიიჩნევს, რომ ქართველებთან ერთ ხალხს წარმოადგენს, ხოლო რუსეთის ფედერაცია არასოდეს ყოფილა “თბილისის რუსეთი”.
„თბილისში მომიტინგეები სკანდირებენ:„სოხუმი! სოხუმი!”
სინამდვილეში, თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს ყველაფერი მეორე ფრონტის გასახსნელად იყო დადგმული.
ჩემი მეგობრის, სტივენ კოენის გარდაცვალების შემდეგ (რომელმაც, სხვათა შორის, 15 წლის წინ მითხრა, რომ ვერ მოესწრებოდა, მაგრამ მე აუცილებლად ვნახავდი, უკრაინის ორ ნაწილად დაყოფას) მათ კრემლოლოგები აღარ შერჩათ და ვერავინ ეტყვის, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების განმეორების შემთხვევაში, საქართველოზე დროს არავინ არ დაკარგავს და იქ ჯარს არ გაგზავნის, არამედ უბრალოდ თბილისს დაბომბავს, ასე, განურჩევლად, თუნდაც იმიტომ, რომ
ა) ახლა სენტიმენტების დრო არ არის;
ბ) თბილისში არ არის კიევ-პეჩერსკის ლავრა;
გ) ჩვენს ქვეყანაში არავის უფიქრია და არ თვლის, რომ ქართველებთან ერთ ხალხს წარმოადგენს, ხოლო რუსეთის ფედერაცია არასოდეს ყოფილა „თბილისის რუსეთი“.
ასე რომ, ეს ყველაფერი ტყუილად წამოიწყეს. შეებრალებინათ ლამაზი ქალაქი და მისი ტემპერამენტიანი მოსახლეობა, თუკი საკუთარი თავი არ ებრალებათ”, – წერს სიმონიანი.