მდინარაძე – ფარულ ჩანაწერებზე: ერთია, პროტესტი რაც მოჰყვა, რა დაიჯერა საზოგადოებამ და მეორეა, ამას როგორ და რა მიზნით იყენებდნენ კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები
ერთია, პროტესტი, რაც მოჰყვა კანონპროექტს, რა დაიჯერა საზოგადოებამ და მეორეა, ამას როგორ და რა მიზნით იყენებდნენ კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, საზოგადოება ვიდეომტკიცებულებების ნახვის შემდგომ დასკვნებს თვითონ გამოიტანს.
„ეს ხომ არის ფაქტი და ვიდეომტკიცებულება იმის შესახებ, რომ ეს ადამიანები იყვნენ რადიკალური მიზნებით. ერთია, პროტესტი რაც მოჰყვა, რა დაიჯერა საზოგადოებამ და მეორეა, ამას როგორ და რა მიზნით იყენებდნენ კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები. განსაკუთრებით საინტერესო იყო ერთი პასაჟი, სადაც კაპანაძე, თუ არ ვცდები, საუბრობდა გამწვანებაზე, ვიღაცის დავალების შესრულებაზე და ა.შ. იქ იყო საუბარი პარლამენტში შეჭრაზე, ამაზე თითქმის მწვანეს ანთებაზე და მსგავსი საკითხებზე. საზოგადოება აქედან დასკვნებს გამოიტანს ჩემი აზრით, თუ ვინ უნთებს მწვანეს, ვისი დავალებით მოქმედებენ და ეს მწვანე მდგომარეობს თუ არა იმაში, რომ უნდა აიღონ პარლამენტი. ამ დროს, ვიღაც ადამიანი, რომელსაც დააჯერეს, რომ ეს კანონი შეიძლება რუსული ყოფილიყო, აბსოლუტურად სხვა რამეს აპროტესტებს და ეს ადამიანები თავის მიზნებზე მსჯელობენ. როგორც „ნაცები“ მსჯელობდნენ ხოლმე როგორ მოესუფთავებინათ ველი, შევარდნილიყვნენ “იმედში”, დააბრალებდნენ ომის დაწყებას საკუთარ ჯარისკაცებს და მაინც ეთქვათ, რომ რუსეთს ებრძვიან, იგივე ფსიქოლოგია აქვთ ახლაც. ველის მოსუფთავებასა და კონტრშეტევაზე ლაპარაკობენ. იქ, ვიღაცას რაღაც დაემართება თუ არა საერთოდ არ ანაღვლებთ. ამიტომ არიან ისეთივე „წარმატებულები“ როგორც ბოლო წლების განმავლობაში“, – განაცხადა მდინარაძემ.