ირაკლი კობახიძე: მადლობას ვუხდით თითოეულ პოლიციელს და სამართალდამცავს გუშინდელი მოთმინებისა და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტით მოქმედებისთვის
მადლობას ვუხდით თითოეულ პოლიციელს და სამართალდამცავს გუშინდელი მოთმინებისა და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტით მოქმედებისთვის, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გუშინ პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„თუ 2012 წლამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ დავალებით, სამართალდამცავები ძალადობდნენ მომიტინგეებზე და სახალხო დამცველზე, გუშინ, იმავე „ნაციონალური მოძრაობის“ დავალებით, მომიტინგეები ძალადობდნენ სამართალდამცავებზე და სახალხო დამცველზე. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ეს ადამიანები არასოდეს შეიცვლიან საკუთარ ბუნებას, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი – ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში. მნიშვნელოვანია, ყველამ, ვინც გუშინ უხეშად არღვევდა კანონს და ძალადობდა, კანონის მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი. გამოვთქვამთ გულისტკივილს თითოეული მშვიდობიანი მომიტინგის გამო, რომელმაც გუშინ თუნდაც უმნიშვნელო დაზიანება მიიღო.. მადლობას ვუხდით თითოეულ პოლიციელს და სამართალდამცავს გუშინდელი მოთმინებისთვის და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტით მოქმედებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.