დავით სონღულაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ელჩს შეხვდა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე და საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით სონღულაშვილი საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს ელჩს სალმან აბდულრაჰმან ალ ალშეიხს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. მხარეებს შორის საუბრის ძირითადი თემები იყო ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების მზარდი დინამიკა და წარმატებული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოებს შორის.
შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს გარემო. დაისახა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის და კავშირების გაღრმავების პერსპექტივები. როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, მიესალმება საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოდან უფრო მეტი ინვესტორის შემოსვლას. საუბარი ასევე შეეხო დავით სონღულაშვილის სამუშაო ვიზიტს საუდის არაბეთში, რომელიც ახლო მომავალში იგეგმება.