პარლამენტის თავმჯდომარემ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ ქართველ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ და პარლამენტის წევრებმა პარლამენტის სასახლის შიდა ეზოში არსებული იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

„დღეს პატივს მივაგებთ საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერებს, რომლებიც კოჯორთან, ტაბახმელასთან, იალღუჯთან დაეცნენ სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ეს გმირობა არის მაგალითი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ჩვენი ვალია, რომ შემდეგ თაობებს ეს გმირობა გადავცეთ”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, არსებული გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა საჭირო, რათა ქვეყანას შეუნარჩუნდეს ის მონაპოვარი, რისთვისაც გმირმა იუნკერებმა დაღვარეს სისხლი.

„წელს ამ დღეს აღვნიშნავთ განსაკუთრებულ გარემოებაში, როდესაც გვაქვს ამხელა გამოწვევები უსაფრთხოების მხრივ და განსაკუთრებით ამ დროს ორმაგი პასუხისმგებლობაა საჭირო ყველა ჩვენი ქმედებისთვის და ყველა ჩვენი გადაწყვეტილებისთვის, რათა ის, რისთვისაც გმირმა იუნკერებმა დაღვარეს სისხლი, შევუნარჩუნოთ ჩვენს ქვეყანას. ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს თავისუფლება. ჩვენი ვალია, დღეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით აღვნიშნოთ ეს დღე, ვიფიქროთ ჩვენს აწმყოზე და იმაზე, რომ ჩვენს მომავალ თაობას შევუნარჩუნოთ დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის ეზოში არსებულ ხარების სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარესთან, დეპუტატებთან და სტუმრებთან ერთად, იუნკერების შთამომავლებიც ესწრებოდნენ. 1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიის ჯარისკაცებთან უთანასწორო ბრძოლას, ქართველ იუნკერთა დიდი ნაწილი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები