საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საავიაციო ფორუმ CONNECT 2023-ში მონაწილეობს

22-24 თებერვალს მაროკოს ქალაქ ტანჟერში ყოველწლიური საერთაშორისო საავიაციო ფორუმი CONNECT 2023 გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, რიგით მე-19 ფორუმში 60 ქვეყნიდან 75 ავიაკომპანიისა და 280 აეროპორტის 600 დელეგატი იღებს მონაწილეობას. საქართველოს ფორუმზე აეროპორტების გაერთიანება წარმოადგენს. ქართულ დელეგაციას კომპანიის დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე უხელმძღვანელებს. სამდღიანი ფორუმის ფარგლებში, რომელზეც აეროპორტების გაერთიანება USAID – ის მხარდაჭერით წარსდგება, წარმოდგენილი იქნება სტენდი, საქართველოს შესახებ სხვადასხვა საპრომოციო და ვიდეო მასალებით.

3 დღის განმავლობაში აეროპორტების გაერთიანებას 20 ზე მეტი შეხვედრა აქვს დაგეგმილი სხვადასხვა ავიაკომპანიებთან, პარტნიორ აეროპორტებთან და საავიაციო ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ყოველწლიურად უწყვეტად მონაწილეობს საავიაციო ფორუმებში. რადგან მსგავსი ტიპის ფორუმებზე საფუძველი ეყრება ახალ ავიაკომპანიებთან, აეროპორტებთან და ტურ-ოპერატორებთან თანამშრომლობას. ფორუმების ფარგლებში იმართება არაერთი შეხვედრა საქართველოს ბაზრისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ავიაკომპანიებთან, რომ დაინტერესდნენ ფრენების დაწყებით, ან არსებულ მიმართულებებზე სიხშირეების გაზრდითა და საქართველოს მიმართულებით ოპერირების არეალის გაზრდით.
წლევანდელ ღონისძიებაზე გვაქვს სიახლე – საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ფორუმზე უფრო მასშტაბურად წარდგა – ერთობლივი სტენდით USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთად. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველო საავიაციო ფორუმზე საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად იქნება წარმოდგენილი და მოხარულები ვართ, რომ ეს ორგანიზაცია USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამაა, რომელთანაც აეროპორტების გაერთიანება მრავალია წელია თანამშრომლობს და მისი ჩართულობით არაერთი პროექტი განუხორციელებია, -‘’აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.

ფორუმის პირველ დღეს შეხვედრები Easy jet-თან, Eurowings-თან, AIR Serbia-თან, Vueling-თან და თურქულ-გერმანულ ავიაკომპანია Sunexpress-თან გამართავს, რომელიც ივნისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას დაიწყებს, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები