მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ნებისმიერი ორგანიზაციის საქმიანობა გამჭვირვალე იყოს
“ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის, დემოკრატიის, უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ნებისმიერი ორგანიზაციის საქმიანობა, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს, გამჭვირვალე იყოს. მით უმეტეს, თუ ის უცხო ქვეყნიდან ფინანსდება, მასზე სრულყოფილი ინფორმაცია უნდა არსებობდეს”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ხალხის ძალის” დამუნათება ღიმილისმომგვრელია.
„ამგვარი ერთობლივი შეტევა „ხალხის ძალაზე“, ჩვენი დამუნათება და ჩრდილოეთ მეზობელთან დაკავშირება, ღიმილისმომგვრელია და ეჭვებსაც იწვევს. ეს ადამიანები, რომლებიც გვაკრიტიკებენ, ამგვარ სპეკულაციებს არამხოლოდ ამ საკითხთან დაკავშირებით, არამედ სხვა თემებთან დაკავშირებითაც მიმართავენ. ისინი ლეგიტიმურად არჩეულ მთავრობას არალეგიტიმურად აცხადებენ, რუსეთს უკავშირებენ და ა.შ. მათ, რა თქმა უნდა, სპეკულაციებში ვერ ავყვებით. ჩვენ სწორება გვაქვს საქართველოს მოქალაქეებზე, საქართველოს საზოგადოებაზე, რომელმაც ჩვენი ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ყველაზე კარგად გაიგო. კანონპროექტის განხილვა ყველანაირად ღია პროცესია, მობრძანდნენ კომიტეტებზე და მიიღონ მონაწილეობა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.