ნინო იობაშვილი: ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მივიღებთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და ამ პროცესში აუცილებლად გვექნება ესპანეთის სახელმწიფოს მხარდაჭერა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო იობაშვილი კომიტეტის წევრებთან ერთად, ესპანეთის სამეფოს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა.

ქართველმა კანონმდებლებმა ესპანელ კოლეგებს პარლამენტის სამუშაო დღის წესრიგი და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა გააცნეს.

„ესპანელ კოლეგებს მივაწოდეთ ინფორმაცია თორმეტი პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით, რომელთა ძირითადი ნაწილი, ცალკეული სირთულეების მიუხედავად – შესრულებულია. ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე, როდესაც ევროკომისიის მხრიდან შესაბამისი შეფასება გაკეთდება საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს დამსახურებულად მიიღებს. ამისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია ესპანეთის სახელმწიფოს მხარდაჭერა, რომელიც ამ ზაფხულს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება“, – აღნიშნა ნინო იობაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, ესპანელი კოლეგები პოზიტიურად აფასებენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და იმ დადებით დინამიკას, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების კუთხით აქვს ქვეყანას.

სტუმრებმა, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტის ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს.

ესპანეთის სამეფოს სენატის დელეგაციასთან შეხვედრაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრები ჰერმან საბო, ხატია წილოსანი და მაია მენაღარიშვილი მონაწილეობდნენ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია გიორგაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები