ირაკლი კობახიძე: თუ საუბარია, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი ამერიკულს არ ჰგავს, უნდა ითქვას, რაში არ ჰგავს – მე რუსულ კანონებს არ ვკითხულობ, შეიძლება, ნედ პრაისს წაკითხული აქვს

“შეიძლება, ნედ პრაისს რუსული კანონი წაკითხული აქვს, შეიძლება, ამით დაინტერესდა. მე რუსულ კანონებს ნამდვილად არ ვკითხულობ”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” საქართველოს პარლამენტში შესულ კანონპროექტთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებას.

კობახიძის თქმით, “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტი ამერიკულს თუ არ ჰგავს, უნდა ითქვას, რაში არ ჰგავს.

„ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტი ამერიკული კანონის ანალოგი ნამდვილად არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრად უფრო დარბილებულია – ამერიკული კანონი ევროპულ სივრცეში რომ იყოს გადმოტანილი, ის ადამიანის უფლებების სტანდარტებთან წინააღმდეგობაში იქნებოდა. ევროპული კანონმდებლობისგან განსხვავებით, ამერიკული კანონი ბევრად უფრო უხეშია, ჩვენ დავარბილეთ. საბოლოოდ, რაც შეიძლება, იყოს განხილული საქართველოში, ეს არის მხოლოდ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი კანონი. რუსული კანონი არ წამიკითხავს და არ ვიცი. შეიძლება, ნედ პრაისს რუსული კანონი წაკითხული აქვს, შეიძლება, ამით დაინტერესდა. მე რუსულ კანონებს ნამდვილად არ ვკითხულობ, ეს ინტერესი არ მაქვს. თუ საუბარია იმაზე, რომ ეს კანონი ამერიკულ კანონს არ ჰგავს, უნდა ითქვას, რაში არ ჰგავს. ამ ეტაპზე ამ კანონის დამცველად ვერ გამოვდგები, რადგან ჩვენ ამ კანონის გარშემო ჯერ პოზიციაც არ გვაქვს ჩამოყალიბებული, მაგრამ რაც შეეხება შედარებას, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონი ბევრად უფრო რბილია, ვიდრე მისი ამერიკული ვარიანტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში “ხალხის ძალამ” დააინიცირა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით კი, კანონპროექტი ჩანს, რომ მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას ეფუძნება. პრაისის თქმითვე, განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს კანონპროექტი დაფუძნებულია შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA) აშკარად მცდარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები