საბა ბუაძე: მერაბიშვილმა საკუთარი ბარგი მოკრიბოს და სახლში დაეტიოს – მის ადგილს ქართულ პოლიტიკაში ვერ ვხედავ
ვანო მერაბიშვილის მიერ დაორგანიზებულ რა აქციაზე უნდა მივიღო მონაწილეობა? მერაბიშვილმა მოკრიბოს საკუთარი ბარგი და დაეტიოს სახლში, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ „ნაცმოძრაობის“ მიერ 20 თებერვალს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მერაბიშვილი „ტრაგიკომიკური, გზააბნეული, რევანშისთვის განწყობილი პოლიტიკური კარიკატურაა“.
„რამდენადაც ვიცი, ეს არ არის ხელისუფლებაზე წნეხის განხორციელების აქცია, არის უკრაინის სოლიდარობის აქცია. უკრაინის მიმართ სოლიდარულები ვართ, ეს არაერთხელ დაგვიდასტურებია სიტყვითაც და საქმითაც. ამიტომ, ვანო მერაბიშვილის მიერ დაორგანიზებულ რა აქციაზე უნდა მივიღო მონაწილეობა? – მერაბიშვილმა მოიკრიბოს საკუთარი ბარგი და დაეტიოს სახლში. მე მის ადგილს ქართულ პოლიტიკაში ვერ ვხედავ. ის არის ტრაგიკომიკური, გზააბნეული, რევანშისთვის განწყობილი პოლიტიკური კარიკატურა.
ვანო მერაბიშვილი, სადაც უნდა იქ შეიკრიბოს და რაც უნდა ის გააკეთოს. ის არის კარიკატურული პერსონაჟი, რომელსაც ქართულ პოლიტიკაში არანაირი მომავალი არ გააჩნია“, – განაცხადა საბა ბუაძემ.