შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციები იქცა დეზინფორმაციისა და საქართველოზე თავდასხმის წყაროდ

ევროპარლამენტის რეზოლუციები საქართველოსთან მიმართებით იქცა დეზინფორმაციის და საქართველოზე თავდასხმის წყაროდ, რაც ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ძალიან ბევრი უზუსტობაა. მისი განმარტებით, ერთ-ერთი უზუსტობაა სააკაშვილის დაკავების საფუძველი. მისივე თქმით, გარკვეული ევროპარლამენტარების ჯგუფი ცდილობს საქართველოს დაზიანებას იმისთვის, რომ ის დაიხსნან ციხიდან.

„არის ევროპელი პოლიტიკოსების ჯგუფი, რომლებიც ცდილობენ ყველანაირად დააზიანონ საქართველო იმისთვის, რომ დაიხსნან სააკაშვილი. ამ რეზოლუციაში არის ძალიან ბევრი ფაქტობრივი შეცდომა. მაგალითად, საუბარი იმაზე, რომ თითქოს სააკაშვილი არის მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტების გამო ციხეში, არადა გელაშვილის საქმეზე მას მისჯილი აქვს 6 წელი, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის. ისინი საუბრობენ უფლებამოსილების გადამეტებაზე, რადგან მათი სურვილია საზოგადოებას აჩვენონ, რომ ეს შესაძლოა პოლიტიკურად შეფუთული დანაშაულები იყოს, მაგრამ რას უშვრებიან ადამიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ფაქტს, რაც ჩვენ ვნახეთ და თვითონ ნაციონალური მოძრაობაც არ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ამას. თვითონ ევროპულმა სასამართლომ არ თქვა გირგვლიანის საქმეზე, რომ სააკაშვილი პირადად იყო ჩართული, რათა აერიდებინა მძიმე სასჯელი დამნაშავეებისთვის. არის სხვა შეცდომებიც“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები