მათიკაშვილი – პენიტენციურის კადრებზე: „ნაცმოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პირები დიდი ხანია, ცდილობენ, საზოგადოება მოატყუონ, თითქოს სააკაშვილს ციხეში ვინმე აწამებს
მთელი „ნაციონალური მოძრაობა“, მასთან დაკავშირებული აფილირებული პირები, ძალიან დიდი ხანია, ცდილობენ, ჩვენი საზოგადოება მოატყუონ და უთხრან, რომ თითქოს სააკაშვილს ციხეში ვინმე აწამებს. მოატყუონ ევროპა, ან იქ საკუთარი დასაყრდენის საშუალებით მოაწყონ სპეცოპერაცია დამნაშავე სააკაშვილის დახსნისა და ბოლომდე მიიყვანონ, რისი შანსი და საშუალებაც ფიზიკურად არ არსებობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრების კომენტირებისას განაცხადა.
„ქართული საზოგადოება, ჩვენი ხალხი ძალიან კარგად აღიქვამს მოვლენებს და მისი მოტყუება, ფაქტობრივად შეუძლებელია. ხაბეიშვილიც, მერაბიშვილიც, მთელი „ნაციონალური მოძრაობა“, მასთან დაკავშირებული აფილირებული პირები, ძალიან დიდი ხანია, ცდილობენ, ჩვენი საზოგადოება მოატყუონ და უთხრან, რომ თითქოს სააკაშვილს ციხეში ვინმე აწამებს. მოატყუონ ევროპა, ან იქ საკუთარი დასაყრდენის საშუალებით მოაწყონ სპეცოპერაცია დამნაშავე სააკაშვილის დახსნისა და ბოლომდე მიიყვანონ, რისი შანსი და საშუალებაც ფიზიკურად არ არსებობს. ერთია ის, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით სინამდვილე და რეალობა არის აბსოლუტურად სხვა და ის, რისი ჩვენებაც მიხეილ სააკაშვილს და მის ადვოკატებს სურთ მსოფლიოსთვის, არის აბსოლუტური ტყუილი. ეს საზოგადოებამ კარგად იცის და მეორე – ის, რომ მომავალი როდესაც არ გააჩნია პოლიტიკურ პარტიას, მისი ინტერაქცია ამომრჩეველთან შემოიფარგლება მხოლოდ წარსულით, ასეთი პოლიტიკური პარტიის დღეები დათვლილია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე ვიდეოკადრი გაავრცელა.