ეკა სეფაშვილი: სააკაშვილი საკუთარი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს
„უკრაინის დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსის განცხადება იმის კიდევ ერთი თვალსაჩინო დადასტურებაა, რასაც ჩვენ, „ხალხის ძალა“ დიდი ხანია, ვამბობთ – ეს ადამიანი (მიხეილ სააკაშვილი) არის აგენტი და მოქმედებს საკუთარი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
სეფაშვილის თქმით, სააკაშვილის ერთადერთი სურვილი ძალაუფლების დაბრუნებაა.
“ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მხოლოდ პირად ძალაუფლებასა და გამდიდრებაზე იზრუნოს. მისთვის სულერთია, კგბ-ს აგენტი იქნება, უკრაინის უშიშროების თუ აშშ-ის უშიშროების სამსახურის. ისიც სულერთია, ვის მიერ გაცემულ დავალებებს შეასრულებს. მისი ერთადერთი სურვილი ძალაუფლების დაბრუნება და საქართველოს განადგურებაა“, – აცხადებს ეკა სეფაშვილი.
ცნობისთვის, უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილმა თავმჯდომარემ, არმიის გენერალმა, ნიკოლაი მალომუჟმა თოქშოუში „სტუმრად დმიტრი გორდონთან“ განაცხადა: “სააკაშვილი და პოროშენკო განიხილებოდნენ, როგორც დაზვერვის მომავალი შესაძლო თანამშრომლები, მათთან მუშაობდნენ უკრაინული სპეცსამსახურები, რომელშიც შედიოდა კგბ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი უკრაინის უშიშროების სამსახური”.