დავით ბაქრაძის სიმამრი პროკურატურაში დაიბარეს
საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით ბაქრაძის სიმამრი მთავარ პროკურატურაშია დაბარებული, – ამის შესახებ „კვირას“ ლერი მეტრეველმა თავად განუცხადა. „პროკურატურიდან უწყება მომივიდა და დღეს 14.00 საათზე უნდა გამოვცხადებულიყავი, მაგრამ თბილისში არ ვარ და საღამოს პროკურატურაში უნდა გამოვცხადდე“ – განუცხადა „კვირას“ ლერი მეტრეველმა.
მთავარი პროკურატურის პრესცენტრის ინფორმაციით, ლერი მეტრეველი დავით ბაქრაძის დაუსაბუთებული შემოსავლის ლეგალიზაციის საკითხზე დაიკითხება. შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ გავრცელდა დოკუმენტი, რომლის თანახმად, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა და მისმა მეუღლემ ბრიტანულ ბანკში ანგარიში დახურეს, რომელზეც 261,757.83 გირვანქა სტერლინგი (754,700.17 ლარი) ჰქონდათ. მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას დავით ბაქრაძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თანხა 2002 წელს სიმამრისგან მიიღო.
ლერი მეტრეველმა „კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში დაადასტურა ინფორმაცია, რომ მან დავით ბაქრაზესა და მაკა მეტრეველს 400 ათასი აშშ დოლარი საკუთარი სახლის გაყიდვის შემდეგ გადასცა.
„2002 წელს კრწანისის ქუჩა N 11-ში მდებარე ჩემი კუთვნილი საკუთარი სახლი მქონდა აშენებული, ის სახლი შვეიცარიის საელჩომ 400 ათას აშშ დოლარად შეიძინა. მაშინვე ყველა დოკუმენტი ოფიციალურად გადავაფორმეთ და დღემდე შენობა შვეიცარიის საელჩოს ეკუთვნის.
ვინაიდან ვაჟი გარდაცვლილი მყავს, ეს თანხა გადავაბარე ჩემს შვილს მაკა მეტრეველს. ამასთანავე, დავწერე, რომ ეს თანხა არის ჩემი შვილიშვილებისთვის, ჩვენ უკვე საკმაოდ ხნიერები ვართ და ეს თანხა სამ შვილიშვილზე უნდა გადანაწილებულიყო. თანხა უკვე დიდი ხანია, რაც ბანკში ინახება. როდესაც ეს სახლი გავყიდე, მერე საირმის გორაზე ნაკვეთი შევიძინე და სახლის აშენებისთვის მაშინ, თანხის ნაწილი გამოვართვი, რომელიც მერე უკანვე დავუბრუნე. ამის შემდეგ, ამ თანხას განკარგავენ ჩემი შვილი მაკა და მისი მეუღლე დავით ბაქრაძე“, – აღნიშნა ლერი მეტრეველმა „კვირასთან“ საუბრისას.
პროკურატურამ დავით ბაქრაძესთან დაკავშირებით გამოძიება დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო. მტავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლითა და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით, დეკლარაციაში განზრახ არასწორი მონაცემის შეტანისა და უკანონო ან/და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.