ნინო წილოსანი: “ნაცმოძრაობის” ჩრდილიდან გამოდიან ისეთი ნეგატიური სახეები, როგორებიც არიან მერაბიშვილი და სხვები
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნინო წილოსანის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” ჩრდილიდან გამოდიან ისეთი ნეგატიური სახეები, როგორებიც არიან მერაბიშვილი და სხვები.
მისივე თქმით, აღნიშნული ოპოზიციური პარტია მარცხისთვისაა განწირული.
“ფაქტობრივად, დასტურდება ის, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, “ნაციონალური მოძრაობის” ჩრდილიდან გამოდიან ისეთი ყველაზე ნეგატიური და უარყოფითი სახეები, როგორებიც არიან მერაბიშვილი და სხვები. ვანო მერაბიშვილის ძალადობრივი მეთოდები და მისი მართვის მეთოდები ყველასთვის ცნობილია, ვანო მერაბიშვილის გამოჩენა და ის განცხადებები, რაც გუშინ გააკეთა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გეგმებს, რაც “ნაცმოძრაობას” აქვს, მაგრამ ეს განზრახვა და გეგმები არ გულისხმობს და ოდნავაც არ არის მიახლოებული იმ მოლოდინებთან, რაც საზოგადოებას პოლიტიკური პარტიებისგან აქვს, შესაბამისად, ეს პარტია განწირულია მარცხისთვის”, – განაცხადა წილოსანმა.
ცნობისთვის, საქართველოს შს ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა „ფეიგინ LIVE“ -ის ეთერში საუბრისას განაცხადა: “პარტიაში არჩევნების შემდეგ 1 კვირა გავიდა და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები მთელ საქართველოში ჩატარდა – ახალი ხელმძღვანელობა მიაღწევს იმას, რომ რამდენიმე თვეში შეიცვლება სიტუაცია”.