ირაკლი ქადაგიშვილი: “ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში ყოფნა-არყოფნა საპარლამენტო ცხოვრებას არ შეცვლის

„მათი ნაბიჯი ემსახურება მათ ჩამოუყალიბებლობას, რადგან ამ მოწვევის პარლამენტში სულ ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან. მათი აქ ყოფნა-არყოფნა საპარლამენტო ცხოვრებას არ შეცვლის. მათ არანაირი კონსტრუქციული აქტიურობა არ ჰქონიათ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” საკუთარი ადგილის პოვნა პარლამენტში ვერ შეძლო.

“ალბათ, მათი გადაწყვეტილება მუდმივად ცვალებადი იქნება იმის გათვალისწინებით, რა დღის წესრიგი ექნებათ. მათ ვერ შეძლეს საკუთარი ადგილის პოვნა პარლამენტში და ეს გამოწვეულია იმ რადიკალური, რევოლუციური დღის წესრიგით, რომელიც მათმა ლიდერებმა დაისახეს. ეს არის შანტაჟის პოლიტიკა, რომლის მიზანია, ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება. ისინი 2020 წლიდან 2024 წელს ვერ ელოდებიან. სხვადასხვა საბაბით ცდილობენ რევოლუციური ტალღის აგორებას. ახლა საბაბი სააკაშვილის პატიმრობიდან დახსნა იყო. ამ შანტაჟით უნდათ, ქვეყანაში არეულობა გამოიწვიონ. მხოლოდ სააკაშვილით არეულობას რომ ვერ იწვევენ, ამას ხედავენ და ამიტომ ამის პარალელურად უნდათ რამე ისეთი გააკეთონ, რაც დასავლეთის თვალში საქართველოს დაასუსტებს, რაც შეიძლება, ვიღაცისთვის კიდევ ერთი საბაბი გახდეს, ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღოს და ამით სახალხო მღელვარებას მიაღწიონ. მათი მხრიდან ქვეყნის მიზნები შანტაჟისთვის არის გამოყენებული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტია საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები