„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს. შესაბამისი განცხადება ენმ-ის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, ცოტა ხნის წინ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ხვალიდან საგანგებო რეჟიმზე გადადის.

„ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, შეასრულოს პუტინის დავალება და გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი მიხეილ სააკაშვილს, შესაბამისად, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული: ამ წუთიდან „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირებს არ ექნებათ არანაირი მოსვენება.

ხვალიდან „ნაციონალური მოძრაობა“ გადადის საგანგებო რეჟიმზე. ხვალ ყველას ველოდებით დედაქალაქში და მთავარი საპროტესტო ცენტრი იქნება დედაქალაქი. „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ აპირებს საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას. ასევე დღეს, როცა მოვრჩებით ბრიფინგს გვექნება კონკრეტული აქტივობები და ასეთი აქტივობები გვექნება ყოველდღიურად.

დამთავრდა თქვენი მშვიდობიანი ცხოვრება, აღარ ვაპირებთ არანაირი განხილვებში მონაწილეობის მიღებას და თამაშებში „ქართულ ოცნებას“ არ შევყვებით. იძულებულები ვართ ასე მოვიქცეთ, რადგან პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა არის რისკის ქვეშ. ყოველდღიური პროტესტი და სახალხო მღელვარება იქნება პასუხი „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილზე“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები