თურქეთში საქართველოს ელჩი: დილით დაკარგულთა სიაში 10 მოქალაქე დაგვხვდა, 7 ვიპოვეთ და სამის კვალს ვეძებთ

დილით 10 მოქალაქე დაგვხვდა დაკარგულთა სიაში, აქედან, 7 ვიპოვეთ და სამის კვალს ვეძებთ, იმედია, მათაც ვიპოვით, – ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ელჩი მოქალაქეებს მოუწოდებს, პანიკას არ აჰყვნენ და აცხადებს, რომ სახელმწიფო მათ გვერდით უდგას.

„ჩვენი საკონსულო სამსახურის ცხელ ხაზზე შემოდის ასობით ზარი. ბევრი არის თანადგომის, შეხსენების, ინფორმაციის გამო, მაგრამ არიან ისეთები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ კონკრეტულ ქალაქში ამა თუ იმ ტელეფონზე შეიძლება იყვნენ ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი მხრიდან ამის გადამოწმება მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე ჩვენ ათეულობით მოქალაქესთან გვაქვს კომუნიკაცია. გამოკითხვის შემდეგ, დილით 10 მოქალაქე დაგვხვდა დაკარგულთა სიაში, აქედან, საბედნიეროდ, 7 ვიპოვეთ და სამის კვალს ვეძებთ და იმედია, მათაც ვიპოვით. ამ 7 მოქალაქიდან 3 უკვე ქალაქიდან გასული იყო, 4 იყო დარჩენილი და ისინი ჯანმრთელად და კარგად არიან.

პანიკას არ უნდა ავყვეთ. მოხდა საშინელი, საზარელი ტრაგედია. სახელმწიფო მათ გვერდით უდგას. საელჩოში არის ცხელი ხაზი ამოქმედებული, ასევე საელჩოს ტერიტორიაზე არის შექმნილი შტაბი. ჩართულია ჩვენი გენერალური საკონსულოები სტამბოლსა და ტრაპიზონში. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმალურად ყველაფერს, რაც ჩვენზე არის დამოკიდებული. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად დაგვეხმარონ ჩვენ, რათა ჩვენ დავეხმაროთ მათ. დახმარებაში ვგულისხმობ იმას, რომ მოგვცენ მაქსიმალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ სად ვინ მდებარეობს, შეძლებისდაგვარად კი მათი ტელეფონის ნომრები და საკონტაქტო ინფორმაცია – ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 04:17-ზე დაიწყო. მოგვიანებით თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 7,5 მაგნიტუდა შეადგინა. ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 2500-ს აჭარბებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები