დავით სონღულაშვილმა ევროკავშირის ელჩთან რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე ისაუბრა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განხილვის თემები იყო საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადადგმული ნაბიჯები, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში  და 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა.

„მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების დინამიკა, განსაკუთრებით ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიმართულებით.

შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოს საინვესტიციო და ბიზნესგარემო, დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები, რომლებიც  ქვეყნის ეკონომიკის მდგრად და სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფენ. ასევე განიხილეს რეგიონული მნიშვნელობის პროექტები, რომლებიც საქართველოს ინიცირებით ხორციელდება. აქცენტი გაკეთდა, შავი ზღვის წყალქვეშა ენერგო კაბელის პროექტზე, რომლითაც საქართველოსა და ევროკავშირის ენერგეტიკული გადამცემი ინფრასტრუქტურა ერთმანეთს დაუკავშირდება.

საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას. მხარეებმა, მომავალში მჭიდრო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვეს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები