გიორგი ცაგარეიშვილი – სააკაშვილის პროცესზე: ვფიქრობ, უნდა მივცეთ მოსამართლეს საშუალება, მიიღოს თავისუფალი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილება

“ვფიქრობ, ჩვენ უნდა მივცეთ მოსამართლეს საშუალება, მიიღოს თავისუფალი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე საუბრისას “ქრონიკაში” განაცხადა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილებას, რომელსაც მოსამართლე მიიღებს, ყველა უნდა დაემორჩილოს.

„სააკაშვილის პროცესზე მოსამართლის გადაწყვეტილება უცნობია და მხოლოდ მან იცის, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს. ამას ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით და მოვუწოდებდით ყველას, რომ არ ჩარეულიყვნენ სასამართლო საქმიანობაში, არ მომხდარიყო ზეწოლა მოსამართლეზე. თითქმის ორი თვეა, მიმდინარეობს ეს პროცესი. მუდმივი ზეწოლა მიმდინარეობდა არა მხოლოდ ექსპერტებზე, ექიმებზე და პროცესში ჩართულ სხვა ადამიანებზე არამედ, უშუალოდ მოსამართლეზეც. ვფიქრობ, რომ დღეს პროცესი დასრულდება, სასამართლო გავა მოსათათბირებლად და მოსამართლე გადაწყვეტილებას მიიღებს. მოვუწოდებ ყველას, რომ ამ გადაწყვეტილებას დაემორჩილონ. ვფიქრობ, ჩვენ უნდა მივცეთ მოსამართლეს საშუალება, მიიღოს თავისუფალი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილება.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გამოხმაურებას, მუქარის შემცველ ტექსტებსა და მუშტის მოღერებას – ეს არაა ახალი და მათგან სხვა რამეს არავინ მოელოდა. კუზიანს სამარე გამოასწორებსო, ისეა მათზე ნათქვამი და ვფიქრობ საზოგადოებამ ის მოისმინა რასაც ელოდა. პოლიტიკური მოღვაწეობისას ისინი არასდროს გამოირჩეოდნენ განცხადებებით, რომელიც მშვიდობას ქადაგებდა ჩვენს ქვეყანაში ან ჰუმანიზმის რაღაც ელემენტარულ ნასახს მაინც შეიცავდა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებს ამ ქვეყანაში არაფერი გამოუვათ. ეს 90-იანი წლებისა და ორიათასიანი წლების დასაწყისის საქართველო არ არის და ჩვენს საზოგადოებასა და ხალხს ძალიან კარგად ახსოვს ყოველი ამგვარი დაპირების შემდეგ როგორ გადავარდებოდა მოუსვლელსა და უფსკრულში ჩვენი საერთო სამშობლო – საქართველო“,- განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები