რა მოხდა „შარდენ ბარში“ გირგვლიანის მკვლელობამდე – თათია მაისურაძემ სასამართლოს ჩვენება მისცა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის საქმეზე თათია მაისურაძე დაიკითხა. მაისურაძემ სასამართლო პროცესზე დეტალურად გაიხსენა თუ რა მოხდა რამდენიმე წლის წინ „შარდენ ბარში“.
როგორც თათია მაისურაძე იხსენებს, მას მეგობარმა ანა კალანდაძემ დაურეკა და შეთანხმდნენ, რომ ყავის დასალევად წავიდოდნენ. მანქანაში თაკო სალაყაიაც იყო. თათია მაისურაძის ჩვენების თანახმად, ისინი ,,შარდენ ბარში” მივიდნენ და მაგიდა დაიკავეს, სადაც ანა კალანდაძის, თაკო სალაყაიას, ვასილ სანოძის გარდა, სუფრას 2 მამაკაცი შემოემატა, რომლებიც მაისურაძეს ოლეგისა და დათას სახელებით გააცნეს. ასევე, მაისურაძის განცხადებით, მაგიდას გურამ დონაძეც შემოუერთდა. მისივე თქმით, მას ტელეფონმა დაურეკა და რადგან ბარში ხმამაღალი მუსიკა იყო, სალაპარაკოდ გარეთ გავიდა.
“აღმოჩნდა, რომ სანდრო იყო. მკითხრა, სად ვიყავი. ვუთხარი, რომ მეგობრებთან ერთად ვიყავი. მითხრა, რომ გამოვიდოდა, თუმცა მე არ მინდოდა გამოსულიყო, რადგან მასზე გაბრაზებული ვიყავი. მერე მკითხა, თუ რომელ ბარში ვიყავი, მე ზუსტი ადგილი არ ვუთხარი, რადგან გაბრაზებული ვიყავი და არ მინდოდა მოსულიყო”, – განაცხადა მაისურაძემ.
მისივე თქმით, სანდრო გირგვლიანი ცოტა ხნის შემდეგ “შარდენ ბარში” მივიდა. თავდაპირველად სხვა მაგიდასთან გაჩერდა, რადგან იქ მისი ნაცნობები ისხდნენ, შემდეგ კი იმ მაგიდასთან მივიდა, სადაც მაისურაძე იჯდა.
“ერთმანეთი გადავკოცნეთ და ის მიბრუნდა. ბუხაიძე თავიდან არ მახსოვს, რადგან არ ვიცნობდი. სანდრო სხვა მაგიდასთან მიბრუნდა, იქ ლაპარაკობდნენ, იცინოდნენ. რაღაცა ხნის შემდეგ ხელით მანიშნა, რომ წასვლას აპირებდა”, – განაცხადა მაისურაძემ.
მისივე თქმით, მას სანდრო გირგვლიანი წასული ეგონა, თუმცა ის უკან შემობრუნებულა და ბიჭთან ერთად, რომელიც შემდეგ ლევან ბუხაიძე აღმოჩნდა, თათია მაისურაძის მოპირდაპირედ მაგიდასთან დაჯდა და მას ხელით ანიშნა, რომ მის მაგიდაზე გადამჯდარიყო.
“ავდექი და სანდროს მაგიდასთან გადავჯექი. მკითხა, ეს ბიჭები ვინ არიანო. მე ვუთხარი, რომ არ ვიცნობდი მათ. თუ არ იცნობ, მაშინ რატომ ზიხარო, რაზეც მე ვუპასუხე, რომ მათ კარგად იცნობდნენ ის გოგონები, ვისთან ერთადაც მე მაგიდასთან ვიჯექი. შემდეგ დონაძეზე მკითხა, რადგან მას არა მარტო ჩემთვის და სანდროსთვის, არამედ ყველასთვის ნაცნობი სახე ჰქონდა, რომ ამ “პიდარასტთან” ერთად რატომ ზიხარო. მე ვუპასუხე, რომ ვისთან ერთადაც მინდოდა, იმასთან ვიჯდებოდი. ასე იმიტომ ვუთხარი, რომ პირად ურთიერთობაში უთანხმოება გვქონდა”, – განაცხადა მაისურაძემ და დასძინა, რომ შემდეგ სანდრომ მას ლევან ბუხაიძე გააცნო და საუბარი სხვა თემებზე წარიმართა.
მაისურაძის თქმით, შეთანხმდნენ, რომ სანდრო გირგვლიანის სახლთან ერთმანეთს ნახავდნენ, რის შემდეგაც მაისურაძე სუფრასთან დაბრუნდა, გირგვლიანი კი წავიდა. მაისურაძემ ჩვენებაში აღნიშნა, რომ რადგან გირგვლიანმა შეთანხმებისამებრ იმ საღამოს არ დაურეკა, მაისურაძე უხასიათოდ შეიქნა.
“ანა კალანდაძეს ვუთხარი, რომ წასვლას ვაპირებდი. ყველანი ერთად გამოვედით ბარიდან. თაკო სალაყაია სხვა მიმართულებით წავიდა, ჩვენ სხვა მანქანით”, – განაცხადა მაისურაძემ.
მისივე თქმით, როდესაც ის სუფრასთან დაბრუნდა, თაკო სალაყაიამ ჰკითხა, ხომ ყველაფერი წესრიგში იყო. ანა კალანდაძემ კი სანდროზე იკითხა, იყო თუ არა ის ნარკომანი, რაც მაისურაძემ უარყო. ამასთან, თათია მაისურაძის განცხადებით, მას სუფრასთან არავისთვის უთქვამს, რომ სანდრო გირგვლიანი აწუხებდა და მისთვის მოეშორებინათ. მაისურაძის თქმით, გირგვლიანის გარდაცვალების შესახებ მან მეორე დღეს საერთო მეგობრისგან გაიგო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები