რომეო მიქაუტაძე: საქართველომ დაამტკიცა, რომ სამხრეთ გაზის დერეფნის აქტიური მხარდამჭერი და ღირებული მონაწილეა

„საქართველომ დაამტკიცა, რომ სამხრეთ გაზის დერეფნის აქტიური მხარდამჭერი და ღირებული მონაწილეა – ქვეყანა მხარს უჭერს სტრატეგიულ პარტნიორობას და ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ სამხრეთ გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მეცხრე მინისტერიალზე გამოსვლისას, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ჩატარდა.

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, სამხრეთ გაზის დერეფანი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ამ რთულ დროს, როდესაც ევროპას სჭირდება ენერგორესურსების დივერსიფიკაცია. ეს, თავის მხრივ, ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის მნიშვნელოვან როლს, რაც შემდგომში კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო პროექტს ჩაუყრის საფუძველს.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩემს ქვეყანას აქვს კიდევ ერთი შესაძლებლობა, წარმოაჩინოს თავისი მნიშვნელოვანი როლი, როგორც სანდო პარტნიორი ამ კონტექსტში.
საქართველო, როგორც მსოფლიოს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილთა გზაჯვარედინზე მყოფი ქვეყანა, დგას მომხმარებლებისა და მიმწოდებელ ქვეყნების გადაჯაჭვული ინტერესების ცენტრში. პროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის როლს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ შეასრულოს მაკავშირებლის ფუნქცია და როლი არა მხოლოდ ეკონომიკური, პოლიტიკური, საზოგადოებისა და კულტურული, არამედ ენერგეტიკული თვალსაზრისითაც,” – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

მისი თქმით, „TANAP-ის ამოქმედებამდე საქართველო გაზის ერთადერთი სატრანზიტო ქვეყანა იყო რეგიონალური მნიშვნელობის. ახლა ჩვენ საერთაშორისო მოთამაშედ გამოვჩნდით. ჩვენი ქვეყნის გავლით გადატანილი ბუნებრივი აირის ნაკადი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საერთაშორისო, ძირითადად კი ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების გაძლიერებაში.”

„საქართველოს აქვს საკვანძო როლი, როგორც პარტნიორს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის და ქვეყნის სატრანზიტო როლი კასპიის ნახშირწყალბადების რესურსების ევროპულ ბაზრებზე მისასვლელად, განსაკუთრებით სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, ცენტრალურ აზიასა და შავ ზღვაში მისი გაფართოების ჩათვლით. საქართველომ რეგიონული სატრანზიტო ინიციატივების მიმართ ურყევი მხარდაჭერა არაერთგზის დაადასტურა. ენერგეტიკული დივერსიფიკაციისა და სტაბილურობის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია – გავითვალისწინოთ საერთაშორისო ენერგეტიკული პროექტების მნიშვნელობა და მივესალმოთ თანამშრომლობის ნებისმიერ წინადადებას ენერგეტიკის სექტორში ჯანსაღი, მდგრადი გარემოს შესაქმნელად, რომელიც გაითვალისწინებს ყველა მოქალაქეების საჭიროებებს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ,” – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები