დევნილ ოჯახებს თბილისში ოთხოთახიანი ბინები გადაეცათ
19 დევნილი ოჯახი თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მფლობელი გახდა. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ გარემონტებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ოთხოთახიანი ბინები მრავალსულიან ოჯახებს გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართები დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გაანაწილა.
სააგენტოს დირექტორის, ირაკლი მხეიძის განცხადებით, დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტია და ორმაგად სასიხარულოა, როცა ბინებს მრავალშვილიანი ოჯახები იღებენ.
2023 წლიდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა განსახლების ტემპი და მასშტაბი კიდევ უფრო იზრდება. დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში კი ახალი საცხოვრებელი ფართით იძულებით გადაადგილებული 13 000 ოჯახი დაკმაყოფილდება.