სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მიღებული შეტყობინების შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
2023 წლის 31 იანვარს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ბათუმის პოლიციის მე-7 განყოფილებაში მოქალაქე მ.ნ.-ს მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოძიების დაწყებისთანავე, სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული იქნა ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული მ. ნ., რომელმაც განმარტა, რომ ბათუმის პოლიციის მე-7 განყოფილებაში მისი გადაყვანის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, საქმეზე გადაუდებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს ატარებს. კერძოდ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დაინიშნა, რა მიზნითაც ექსპერტის მიერ დაკავებული პირის შემოწმება მოხდა. სასამართლოში წარდგენილია შუამდგომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის პოლიციის მე-7 განყოფილების ადმინისტრაციული შენობის შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერების მოწოდების მოთხოვნით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან და სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის ამოღება და მ.ნ.-ს დაკავების ადგილზე არსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერების იდენტიფიცირება მიმდინარეობს.
ასევე, მ.ნ.-სთან შემხებლობაში მყოფი პოლიციის ყველა თანამშრომელი მოწმის სახით გამოიკითხება. სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს.