დიმიტრი ხუნდაძე:  ევროკავშირში ჩვენი ყოფნის საჭიროება ორმხრივია – როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირში ყოფნა, ისე სჭირდება ევროკავშირს, რომ საქართველო მის შემადგენლობაში იყოს

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველო მზადაა კანდიდატის სტატუსისთვის, თუმცა, ამ სტატუსისთვის მზაობა დასავლეთმაც უნდა გამოთქვას.

მისივე თქმით,  ევროკავშირში საქართველოს ყოფნის საჭიროება ორმხრივია – როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირში ყოფნა, ისე სჭირდება ევროკავშირს, რომ საქართველო მის შემადგენლობაში იყოს.

„კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, უკრაინასთან მიმართებით, ძირითადი ფაქტორი არის ის, რომ უკრაინა რუსეთთან ომს აწარმოებს… ამ მოცემულობიდან გამომდინარე, საქართველოსთვის სტატუსის არმინიჭების პოლიტიკური გადაწყვეტილება მისაღებია, მაგრამ ლოგიკა ასეთია – საქართველომ უკვე აწარმოა ომი რუსეთთან, თან – მარტომ და მას არავისთვის უთხოვია ომში დახმარება, არავისთვის სანქციებში ჩართვა არ მოუთხოვია. საქართველომ ეს საომარი პროცესი წააგო და დღეს ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს. რაც შეეხება მოლდოვას – ეს ქვეყანა СНГ-ს – „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ წევრია, ანუ რუსეთთან პოლიტიკური, ოჯახური ურთიერთობაც აქვს. ჩვენ უკრაინისა და მოლდოვის შემდეგ ვართ დაყენებული, მიუხედავად იმისა, რომ ამ 12 პუნქტიდან ყველა ნაწილში უპირატესობა გვაქვს. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება დასავლეთის მეორე პოლიტიკური შეცდომა იყო, რაც უნგრეთის პრემიერმაც აღიარა. რაც შეეხება პირველ შეცდომას – საქართველოში 2008 წლის ომმა, პრაქტიკულად, მხოლოდ შეშფოთებული განცხადებების ფონზე ჩაიარა. რუსეთმა ეს ასე აღიქვა: დასავლეთს რეაქცია არ აქვს და იქნებ, სხვაგანაც გამივიდესო. ამას ჯერ 2014 წელს ყირიმი, შემდეგ კი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრა მოჰყვა. თუ დასავლეთი შეცდომას აღარ დაუშვებს, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუკი დაუშვებს – მაშინ საქართველო სტატუსის გარეშე დარჩება. საქართველო მზადაა კანდიდატის სტატუსისთვის, თუმცა ამ სტატუსისთვის მზაობა დასავლეთმაც უნდა გამოთქვას. ჩვენი ევროკავშირში ყოფნის საჭიროება ორმხრივია – როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირში ყოფნა, ისე სჭირდება ევროკავშირს, რომ საქართველო მის შემადგენლობაში იყოს“, – აცხადებს ხუნდაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები