დავით სონღულაშვილმა იტალიის სენატის საფინანსო და ხაზინის კომიტეტის პრეზიდენტთან საქართველოს საინვესტიციო და ბიზნესგარემოზე ისაუბრა
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე – დავით სონღულაშვილი, იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იტალიის სენატის საფინანსო და ხაზინის კომიტეტის პრეზიდენტს, მასიმო გარავალიას შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და იტალიას შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობა როგორც ორმხრივ, ისე – მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის, საპარლამენტო მუშაობის გაღრმავება კომიტეტებს შორის მჭიდრო თანამშრომლობით.
„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შეიქმნება ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების ეკონომიკური კომიტეტების ერთობლივი პლატფორმა, რაც აქტუალურ საკითხებზე მსჯელობისთვის სასარგებლო ფორმატი იქნება. პლატფორმა, სამომავლოდ ხელს შეუწყობს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვის ფართო არეალის გახსნას მსჯელობისა და ბიზნესსექტორში არსებული შესაძლებლობების ათვისებისთვის,” – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
თავის მხრივ, მასიმო გარავალიამ განაცხადა, რომ გაზაფხულზე საქართველოს ეწვევა, რაც ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ფორმატით მისი პირველი ვიზიტი იქნება. შეხვედრაზე მხარეებმა, საქართველოს საინვესტიციო და ბიზნესგარემო მიმოიხილეს და ყურადღება დაუთმეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობას, რაც გულისხმობს საქართველოს მიმართ იტალიის საქმიანი წრეების, კომპანიების ინტერესის გაზრდას და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას.