მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ გუდაურში პარაპლანისტებთან შეხვედრა გამართა

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ გუდაურში პარაპლანისტებთან შეხვედრა გამართა. მხარეებს შორის საუბრის მთავარი თემა პარაპლანით ფრენების აღდგენის საკითხს შეეხებოდა.

რეგიონის ხელმძღვანელმა პირმა შეხვედრის მონაწილეებს, საკითხთან დაკავშირებით, ამჟამად მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით, შესაბამისი ღონისძიებები ინტენსიურად ტარდება. ამასთან, მხარეები მომავალი 1 კვირის განმავლობაში შეხვედრაზე კვლავ შეთანხმდნენ.

“ყველა უწყების დონეზე მიმდინარეობს სამუშაოები. პროცესში ჩართულია როგორც ცენტრალური, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლება. სამწუხაროდ, ვიცით, წინა თვეებში, რაც მოხდა. საუბარია უსაფრთხოების ზომებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლე, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ არ დაზარალდეს ბიზნესი. ყოველივე აქედან გამომდინარე, შემუშავებულია რეგულაციები, რომლებიც უახლოესი დღეების განმავლობაში გადაიგზავნება საერთაშორისო ფედერაციაში. მათგან დაველოდებით შენიშვნებსა და რეკომენდაციებს, რის შემდეგაც განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები. ვიდრე რეგულაციები არ იქნება, მანამდე ფრენების აღდგენის თაობაზე თანხმობას ვერ გავცემთ.” – განაცხადა დავით ნოზაძემ.

შეხვედრას, აგრეთვე, ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ჩიფჩიური, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები და შპს “ემ თი ეი”-ს გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსი ნიკო ჩქარეული. შეგახსენებთ, რომ პარაპლანით ფრენები მას შემდეგ აიკრძალა, რაც პარაპლანით მფრინავის გადარჩენას რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები