გიორგი ვოლსკი: საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან საშიშროება არსებობს და არ შეიძლება, კასიანოვი, დანილოვი თუ სხვები საქართველოსგან ისედაც მწირი რესურსების მიწოდებას ითხოვდნენ

“საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან საშიშროება არსებობს – დღევანდელ დღემდე მუდმივად არსებობდა და ხვალაც იარსებებს. არ შეიძლება, კასიანოვი, დანილოვი თუ უკრაინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები საქართველოსგან მისი ისედაც მწირი რესურსების მიწოდებას ითხოვდნენ”,- ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი გიორგი ვოლსკი საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „გაუგებარია, რატომ არის შეუძლებელი, უკრაინას გადმოსცეთ ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები, საველე ჰოსპიტლები, იქნებოდა სასარგებლო „დიდგორი“? რა თქმა უნდა, დაგვეხმარებოდა“.

ვოლსკის თქმით, კასიანოვი არაადეკვატური განცხადებების მოყვარულია.

„მიუხედავად იმისა, რომ ანდრეი კასიანოვი თავად არის რაღაც არაადეკვატური განცხადებების მოყვარული ადამიანი და მისი ქცევა, განცხადებები არაადეკვატურია, ეს განცხადება კასიანოვის არ არის. ეს არის ადამიანთა ჯგუფის განცხადება, მათი პოზიციის გახმოვანება – თურმე საქართველოს თავდაცვითი შეიარაღება არ სჭირდება, თურმე საქართველოს არაფერი სჭირდება, თუნდაც ის მწირი რესურსი, რაც თავდასაცავად აუცილებელია. თავი დავანებოთ მსოფლიოში შექმნილ გარემოებას და ჩვენს პოზიციას, რომ არ შეიძლება, საქართველო შეიარაღებას ან სამხედრო დანიშნულების საქონელს, პროდუქციას აწვდიდეს უკრაინას, ვინაიდან ეს იქნებოდა ომში ჩართვის ტოლფასი გადაწყვეტილება. საქართველო თავად არის ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანა, რაც იმ ხელისუფლებამ ჩაიდინა და დაუშვა, რომლის მოკავშირეები დიდი რაოდენობით უკრაინის ხელისუფლებაში არიან. საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან საშიშროება არსებობს – დღევანდელ დღემდე მუდმივად არსებობდა და ხვალაც იარსებებს. არ შეიძლება, კასიანოვი, დანილოვი თუ უკრაინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები საქართველოსგან მისი ისედაც მწირი რესურსების მიწოდებას ითხოვდნენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები