მიხეილ სარჯველაძე: დღეს საქართველოს ხელისუფლების ამოცანა გახლავთ, რომ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უსაფრთხოება დაცული იყოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით “ხალხის ძალის” მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უსაფრთხოება დაცული იყოს.

„ზოგადად, ასე ხმამაღლა არ ვსაუბრობთ იმ საკითხებზე, რომელ საკითხებსაც ეხება ჩვენი კოლეგების განცხადებები. თუმცა, შემიძლია, ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ დღეს საქართველის ხელისუფლების ამოცანა გახლავთ, რომ რეალურად მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უსაფრთხოება დაცული იყოს. დაცული იყოს მისი უსაფრთხოება ყველა თვალსაზრისით, მათ შორის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უფლებებიც და იმავდროულად მასზე ძალადობრივი ზემოქმედების რისკებიც აღკვეთილი და ნეიტრალიზებული იყოს. ეს არის ამოცანა, რომელიც ამ წუთას საქართველოს სახელმწიფოს წინაშე დგას“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, “ხალხის ძალამ” დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პატრონები სააკაშვილის გასათავისუფლებლად ყველაფერს იღონებენ და ხელისუფლების დაშანტაჟებასაც გააგრძელებენ. თუმცა, თუ მიზანს ვერ მიაღწიეს, ლოგიკურად რჩება გეგმა B: სააკაშვილის, როგორც ოქროს მოწმის მოშორება.

“ხალხის ძალა” ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები