ზურაბ აზარაშვილი: კომპანიების მხრიდან მიზანმიმართული საბოტაჟის მცდელობა თუ იქნება, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მედიკამენტებზე ზღვრული ფასები ამოქმედდება, კომპანიების მხრიდან მიზანმიმართული საბოტაჟის მცდელობის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება იქნება.
„კომპანიების მხრიდან მიზანმიმართული საბოტაჟის მცდელობა თუ იქნება, ამაზეც შესაბამისი გეგმა გვაქვს. საბოტაჟის მცდელობის შემთხვევაში, მზადყოფნა გვაქვს და ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. იგივე თურქული ბაზარი რომ გავხსენით, სამწუხაროდ, ხშირად იყო ფაქტები, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩვენი მცდელობის მიუხედავად, საკმარისი რაოდენობით არ ხდებოდა მედიკამენტების იმპორტი. რეგულირების სააგენტო, კონკურენციის სააგენტოსთან აქტიურად თანამშრომლობს. როცა მიზანმიმართულად ხდება მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა, ხელოვნურად დეფიციტის შექმნა ან სხვა არაკეთილსინდისიერი ქმედებები, საკმაოდ მკაცრი რეაგირება ხდება და მაღალი ჯარიმებიც არის. ეს სისტემა ავაწყვეთ კონკურენციის სააგენტოსთან ერთად, რადგან თურქულ მედიკამენტებთან დაკავშირებით ცუდი გამოცდილება გვქონდა. სამწუხარო იქნება, თუ დაგვჭირდება, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, ამ სისტემას გამოვიყენებთ. დარწმუნებული ვარ, თქვენ გარშემო ბევრი ადამიანია, ვისაც კონკრეტულ მედიკამენტებთან ჰქონდა შეხება და ის მედიკამენტი თურქეთიდან იმპორტის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიაფდა. ისიც გაგებული გექნებათ, რომ ხელოვნურად გაზრდილი მოთხოვნით ხანდახან ხდება, რომ ზოგიერთი ექიმი წერს კონკრეტულ მედიკამენტებს, იქმნება დეფიციტი, ჭარბი მოთხოვნა და ერთი და იგივე მედიკამენტი შეიძლება, ხუთჯერ-ათჯერ ძვირადაც იყიდებოდეს. სწორედ ეს არის დერეგულაციის ბრალი და ეს არის დერეგულაციის შედეგი, პრობლემა. დღევანდელი რეგულაციით ამ პრობლემასაც მოევლება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.