„თებერვალ-მარტში სეზონური ვირუსული ინფექციებით ინფიცირების მაჩვენებელი ისევ მაღალი იქნება“ – ივანე ჩხაიძე

სავარაუდოდ, მომდევნო 2 თვის განმავლობაში, ვგულისხმობ თებერვალ-მარტს, ინფიცირების მაჩვენებელი ისევ სეზონური-ვირუსული ინფექციების მაღალი მაჩვენებლის დონეზე დარჩება, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სიმძიმის თვალსაზრისით ძირითადი საფრთხე გრიპის ვირუსისგან მომდინარეობს.

„რაც შეეხება სეზონურ რესპირაციულ ვირუსებს: ქვეყანაში ძირითადი აქცენტი 2 ვირუსზე: გრიპსა და კორონავირუსზე კეთდება. ორივე ვირუსი ძალიან აქტიურია და განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში მათი აქტიურობა მოსალოდნელი იყო.
რაც შეეხება ინფიცირების პიკს – ჯერჯერობით, კალენდარული წლის 46-ე კვირაში, ნოემბრის შუა რიცხვებში გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების მხრივ ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. დეკემბერ- იანვრის დასაწყისში ეს მაჩვენებლი მცირდებოდა, თუმცა, არ ვამბობთ, რომ ეს შემცირება სტაბილურად გაგრძელდება. მოლოდინი იმისა, რომ იანვარ-თებერვალში ისევ ინფიცირების მაჩვენებლის მატება იყოს, არსებობს. ეს მაჩვენებლი არ სცილდება საშუალო მაჩვენებლს, რაც პანდემიამდელ პერიოდში ფიქსირდებოდა.
ძირითადი საფრთხე სიმძიმის თვალსაზრისით სწორედ გრიპის ვირუსისგან მომდინარეობს. ქვეყანაში ძირითადად A ტიპის გრიპის ვირუსი ცირკულირებს. ნაწილი 2009 წლის პანდემიური H1N1 ტიპის ვირუსით არის გამოწვეული, ნაწილი კი 1968 წლის პანდემიური H3N2 ტიპის ვირუსით. გრიპის ვირუსით მიმდინარეობის სიმძიმე გაცილებით უფრო საყურადღებოა, ვიდრე კორონავირუსით გამოწვეული. მაღალი ტემპერატურა, ძლიერი საერთო სისუსტე, თავის, კუნთების სახსრების ტკივილი, ხველა, ფილტვების ანთების განვითარების მაღალი რისკი – ეს ყველაფერი გრიპს ახასიათებს. ამიტომ, ჰოსპიტალიზაციის ძირითადი მაჩვენებელი სწორედ გრიპზე მოდის და არა კორონავირუსზე.
მოლოდინი იმისა, რომ შემდეგ კვირებშიც ამ ორი ვირუსის დომინირება გაგრძელდება , რა თქმა უნდა, გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ ძალიან რთულია პროგნოზირება, რამდენ ხანს გაგრძელდება ამ ორი ვირუსით ინფიცირების მაჩვენებლის მატება. სავარაუდოდ, მომდევნო 2 თვის განმავლობაში, ვგულისხმობ თებერვალ-მარტს, ინფიცირების მაჩვენებელი ისევ სეზონური-ვირუსული ინფექციების მაღალი მაჩვენებლის დონეზე დარჩება“, – განაცხადა ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები